LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ამერიკაში: ზაზა და ვაკო ერთმანეთს შეხვდნენ

49

საქართველოს ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია ვაკო ყაზაიშვილის გუნდს „სან ხოსეს“ ესტუმრა.

ფაჩულიამ ავაია სტადიონზე NBA-ს თასი წარადგინა და „ლოს ანჯელეს გელექსისა“ და „სან ხოსეს“ შორის შეხვედრაში ბურთი თამაშში სწორედ მან შეაგორა.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ „სან ხოსეს“ გულშემატკივრებს გუნდის ახალი შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი წარუდგინეს. ქომაგი ქართველ შემტევს ოვაციებით შეხვდა. ვაკომ და ზაზამ კი მაისურები გაცვალეს.

ყაზაიშვილი თამაშს 19 ივლისამდე ვერ შეძლებს, თუმცა ქართველ ლეგიონერს იმედი აქვს, რომ გუნდს უფრო მალე დაეხმარება.

ვაკო ყაზაიშვილი: “ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ. პირველად, როდესაც ჯესიმ დამირეკა, მითხრა, რომ სურდა ჩემს გარშემო გუნდი აეწყო. ყოველდღე ბევრს ვიმუშავებ და ვეცდები გუნდს დავეხმარო”.

ყაზაიშვილზე ზაზა ფაჩულიამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს დიდი ხანია გულშემატკივრობს.

ზაზა ფაჩულია: “ის ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მას დიდი ხანია ვაკვირდები, განსაკუთრებით იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დაბიუტი შედგა. ძალიან მიხარია მის გამო, გუნდისა და გულშემატკივრების გამო იმიტომ, რომ ისინი ძალიან კარგ ფეხბურთელს იხილავენ. როდესაც დრო მოვა, მას დეტალებზე გავესაუბრები. ის გამარჯვებულია, მას სურს, რომ მოიგოს და ვიმედოვნებ, ამ მენტალიტეტს სან ხოსეშიც მოიტანს და გუნდს მოგებაში დაეხმარება”.

სათასო შეხვედრაში „სან ხოსემ“ „ლოს ანჯელესი“ 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g