თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს „კოვიდ-19“-ის მართვას, თუმცა გადაჭარბებული საფრთხის მოლოდინი არ უნდა შეიქმნას.
„იქნება გრიპის პიკი, ცუდია, რომ თანხვედრა იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს კარგად გამართული სადიაგნოსტიკო სისტემა, ლაბორატორიული „პისიარ“ ტესტებით და სხვა მეთოდებით. სხვა მეთოდებს ძირითადად გრიპისთვის ვგულისხმობ. დღეში 10-11 000 გამოკვლევა ტარდება კოვიდზე. საჭიროების შემთხვევაში, გრიპზეც ჩატარდება ამდენი გამოკვლევა, როცა დაიწყება გრიპის სეზონი. იოლად მოხდება ლაბორატორიულად გრიპის და კოვიდის დიფერენცირება. ეს მოხდება 12 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველ არხთან“ საუბარში.
ამასთან, ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციების შესრულება მოქალაქეებს სეზონური გრიპისგანაც დაიცავს.