ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.
პროექტის ფარგლებში, ქვეყანას – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები სტუმრობენ, რომელთა შერჩევის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი საშუალო ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი – 2,000 აშშ დოლარია.
„იმუშავე საქართველოდან” პროექტის ფარგლებში, საქართველოს უკვე ეწვია აშშ-ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის, კანადის 83 მოქალაქე. ვიზიტორები საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით დარჩებიან და დისტანციურად იმუშავებენ. მიღებული აპლიკაციების კატეგორიების განაწილება შემდეგნაირია: 53% თვითდასაქმებული, 28% – სრულ განაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 19% – მეწარმე.
პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. ტოპ ხუთეულში შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები მოხვდნენ: რუსეთი – 28%; აშშ – 18%; ბელარუსი 6 %; დიდი ბრიტანეთი – 5%; უკრაინა – 5%.
მიღებული განცხადებებიდან უკვე დადასტურებულია 350-მდე დაინტერესებული პირის აპლიკაცია. არ დაკმაყოფილდა 80-მდე აპლიკაცია.
შეგახსენებთ, „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები https://stopcov.ge/ -ზე წინასწარ სპეციალურ ფორმას ავსებენ და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსავლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.
შესავსები ფორმის ბმული: https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/