ბუქარესტიდან ბრიუსელამდე თუ ლისაბონიდან ლიონამდე, COVID-19–მა ველოსიპედისტთა ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
პანდემიის დაწყების შემდეგ დაიგო 2,300 კილომეტრის ველოტრასა და ზოგადი ინფრასტრუქტურის განვითარებას მილიარდამდე ევრო მოხმარდა.
მილანი მიმართულებას ცვლის
ველოტრასების დაგებას მილანში მანამდეც ცდილობდნენ, თუმცა ავტომფლობელები ამ პროცესს ყოველთვის ხელს უშლიდნენ.
პანდემიამ კი ყველაფერი შეცვალა. ჩრდილოეთ იტალიური ქალაქი გახდა პირველი ევროპაში, რომელმაც მძიმე ვითარების დროს ველოსიპედი გადაადგილების მთავარ საშუალებად აქცია. დაიგო 35 კილომეტრამდე ახალი ველოტრასა, რომელსაც მოსახლეობა პოსტ–კორონას ეპოქაშიც მშვენივრად გამოიყენებს.
მთავრობამ ველოსიპედისთა სტიმულირებისთვის 115 მილიონი ევრო დახარჯა და ველოსიპედის შეძენის მსურველებისთვის სუბსიდიებიც გამოყო.
თუმცა, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის და ველოსიპედისთა რაოდენობა იმდენადაა გაზრდილი, რომ არსებული ველო–ინფრასტრუქტურა მათ უკვე ვერ იტევს.
პარიზი გზას აგრძელებს
კორონავირუსის დაწყების შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში ბევრი საინტერესო სიახლე მოხდა და ქალაქის ტრანსფორმაციისთვის 20 მილიონი ევრო დაიხარჯა.
მთავრობამ ავტომობილებს გზის ნაწილი წაართვა და ველოსიპედებს დაუთმო. მეტი ველობილიკის შექმნან კი უფრო მეტი ადამიანი აიძულა, ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადამჯდარიყო.
წინა წელთან შედარებით პარიზში ველოსიპედით გადაადგილებულთა რაოდენობა 27%–ით გაიზარდა. ხელისუფლებამ მოსახლეობის კიდევ უფრო წახალისება დაიწყო და ველოსიპედის შესაკეთებლად 50 ევროიანი სუბსიდია გამოყო.
ველოტრასამ მთელი ბრიუსელი მოიცვა
ბრიუსელის ყველაზე გადატვირთულ მარშრუტებზე ველოტრასები დაიგო.
სოციალური დისტანციის დასაცავად, ქალაქში მოეწყო სპეციალური ზონები, სადაც ფეხითმოსიარულეებს და ველოსიპედისტებს ავტომობილებთან შედარებით პრიორიტეტი ენიჭებათ. ქალაქში სიჩქარის ახალი ლიმიტიც დაწესდა.
ყველა ამ ფაქტორმა განსაზღვრა ის, რომ ველოსიპედი გასულ წელთან შედარებით 44%–ით უფრო პოპულარული გახდა.
ამსტერდამში ველოსიპედების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა
განსხვავებით სხვა ბევრი ქალაქისგან ამსტერდამს ველო–ინფრასტრუქტურა პანდემიამდე ბევრად ადრეც ქონდა განვითარებული. ქალაქში ველოსიპედთა რაოდენობა ადამიანთა რაოდენობას აჭარბებს და ველოტრასის სიგრძე 767 კმ–ს აღწევს.
თუმცა, პანდემიამ გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა და ეკოლოგიური ტრანსპორტის არჩევისკენ უფრო მეტ ადამიანს უბიძგა.
რა მოხდება მომავალში?
მსოფლიოს ესმის, რომ მომავალი განუსაზღვრელია და დავუბრუნდებით თუ არა ოდესმე ნორმალურ რიტმს – არავინ იცის.
ველოსიპედი სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის არჩევანი ხდება. თუმცა, რთულია იმის პროგნოზი, გაგრძელდება თუ არა მსგავსი ტენდეცია მომავალში, მაშინ როცა კორონავირუსის შიში გაქრება და არც დისტანციის დაცვა იქნება აუცილებელი.