„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისთვის გაუგებარია, რატომ ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაზე თავდასხმას, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესი, სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს.
„რაში უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკურ ძალას ასეთი ორკესტრირებული შტურმი, თუ რაიმე არ გაქვს დასამალი?“ – კითხულობს ირაკლი კობახიძე.
მისი განცხადებით, თუ ოპონენტების მხრიდან ამ ფაქტის ირგვლივ ლუსტრაცია გაგრძელდება, ეს მიმდინარე გამოძიებას დაეხმარება.
„საქმის ყველა გარემოებას უნდა მოეფინოს ნათელი, მათ შორის იმას თუ რატომ კეთდებოდა საეჭვო განცხადებები მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც აცხადებდა, რომ გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე. თუ მათი მხრიდან გაგრძელდება ლუსტრაცია, ეს ბუნებრივია დაეხმარება გამოძიებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი 2006 წელს, როდესაც შემოხაზა “სამხრეთ ოსეთის” საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“.
ეს უტყუარი დანაშაულია, რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება – ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობა მხოლოდ ვარაუდია, თუმცა არსებობს სხვა ფაქტები, სადაც მათი „დანაშაულებრივი ქმედებები უტყუარად მტკიცდება“.
,,ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე რამ კეთდება. ამ შემთხვევაში ეს ჯერ ვარაუდია, მაგრამ არის სხვა ფაქტები, სადაც უტყუარად დამტკიცებულია „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები, ერთ-ერთი ასეთი უმძიმესი ფაქტია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა და ეს არის სწორედ ის საზღვრები, რომლითაც ხელმძღვანელობს ოკუპანტი ქვეყანა ბორდერიზაციის პროცესში. ეს საზღვრები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2006 წელს აღადგინა.
სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. ეს უტყუარი დანაშაულია, რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება, აქედან გამომდინარე, დავით გარეჯთან არსებულ ეჭვებს აქვს მყარე საფუძველი, იქ ტარდებოდა რუსული ინტერესები, სხვაგანაც ტარდებოდა რუსული ინტერესები. ჩვენ შეგნებულად სიღრმეში არ შევდივართ და გვაქვს ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყაროა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და ის ისტერიკა, რაც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული.
ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ ხედავს აღნიშნულ საქმეში სალომე ზურაბიშვილის, როგორც იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალეულობას.
„2006 წელს ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი არ ყოფილა, მე მგონი რაღაც გეშლებათ. როდესაც დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი ხორციელდებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო უამრავი ადამიანი, ეს პროცესი მიმდინარეობს 90-იანი წლებიდან. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის რაიმე კავშირს ამ ფაქტთან, ამასთან დაკავშირებით გადაამოწმეთ ყველაფერი. თუ ვინ უნდა დაიკითხოს, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.