LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანმა არ შეიგნო, ვერც ღმერთი და ვერც ეშმაკი ვერ გვიშველის: უნდა ჩაიკეტოს თუ არა თბილისი

180
FORTUNA.GE (12)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს თბილისში 366 შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად პრემიერის დღევანდელი განცხადებისა, რომ ლოკდაუნი არ იგეგმება, მაინც არის მოლოდინი, რომ თბილისში შეზღუდვები გამკაცრდება.

ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებენ

 

უნდა ჩაიკეტოს თუ არა თბილისი და უფრო უნდა გამკაცრდეს თუ არა შეზღუდვები? ამ კითხვით „ფორტუნამ“ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი – გიორგი ჩალაძეს მიმართა.

დღეს რომ 919 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ 919 აღმოვაჩინეთ გასული 24 საათის განმავლობაში და არა მეტი. ჩემი აზრით, მინიმუმ ორჯერ მეტი დავირუსებული ადამიანი გვყავს ქვეყანაში, ვიდრე ეს ოფიციალურად გვაქვს, რადგან ტესტირება ჩატარდა მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში.

ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად არ გვაქვს – გიორგი ჩალაძე


გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევების ფონზე მთავრობამ რა შეზღუდვებიც დააწესა, თქვენი აზრით ეფექტიანი იქნება, შეძლებს სახელმწიფო ამ შეზღუდვით  დაავადებულთა რიცხვის შემცირებას?

ჩემი აზრით, გახარიას აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია და ალბათ ყველაზე მეტად აქ ნახეს ვირუსის გავრცელების საშიშროება. ხვალ შეიძლება ტრანსპორტში დაინახონ უფრო მეტი საფრთხე და ის შეზღუდონ. ახლა ტრანსფარანტებით ქუჩაში დგომის დრო არაა, ვირუსი უფრო გავრცელდება. რასაც მთავრობა გადაწყვეტს, ის რეგულაციები ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ.

რადგან ფიქრობთ, რომ რეალურად უფრო მეტია ინფიცირებული, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ თბილისში შეზღუდვები უფრო უნდა გამკაცრდეს?

ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თვითშეგნება და არ შეიძლება, რომ მუდმივად მაშველი რგოლის გადმოგდებას ველოდოთ. თუ ადამიანმა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ არ შეიგნო, რომ მის პირად პასუხისმგებლობაზე გადის ქვეყნის ბედი, ვერც მთავრობა და ვერც სამედიცინო პერსონალი, ვერც ლაბორატორიული რესურსები, ვერც ღმერთი და ვერც ეშმაკი ვერ გვიშველის. ყველა ცოცხალ ადამიანს, ვისაც აქვს შეგნება, უნდა გაითავისოს, რომ დღეს ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანი არ უნდა მივიდეს იქ, სადაც მისი მისვლა უკიდურესად მნიშვნელოვანი არაა. არ უნდა მოხდეს შეკრებები და არ უნდა გაავრცელოს ვირუსი. ეს თუ არ გაითავისა, არაფერი არ ეფექტიანი. ვერც ქვეყანა გაუძლებს და ვერც ლაბორატორიები გაუძლებს ტესტირებას და ვერც სამედიცინო პერსონალი გაუძლებს დაავადებულებების მურნალობას. ვერც დაავადების გავრცელებას ვერ შევაფერხებთ.
მთავრობამ მიიღო მკაცრი ზომები, რომელმაც გამოიწვია საშინელი ეკონომიკური შედეგი, რაც ერთხელ უკვე ვიწვნიეთ. იგივეს გამეორება შეუძლებელია.

ბევრი ასრულებს დადგენილ წესებს… ბევრს უკეთია პირბადე და ხელებსაც სპეციალური ხსნარით იმუშავებს…

ხალხი არ უნდა ითხოვდეს მათრახის რტყმევას და არ უნდა მოექცე ხალხს ცხვარივით. არ უნდა უყურებდეს პოლიციას და მთავრობას იმისთვის, ახლა რა გააკეთოს. უნდა გავაკეთოთ სწორი კომუნიკაცია. უნდა ვიყოთ მობილიზებულები. მაგალითად, მარტსა და აპრილში ნახევარი თბილისი რომ დადიოდა ხელთათმანებით, ეს არასწორი იყო. ხელთათმანები არ არის დაცვის საშუალება. დაცვის საშუალება არის ხელის დაბანა. ხელთათმანების ხელზე გაკეთება იწვევს ცრუ თავდაცვას. ჩვენ გვონია, რომ დაცულები ვართ და სინამდვილეში უარესს ვაკეთებთ.
ამ ხალხს მათთვის გასაგებ ენაზე არავინ აუხსნა, რა და როგორ უნდა გააკეთონ ის, რაც საჭიროა. რატომ უნდა ატარონ პირბადე, ან როგორ უნდა ატარონ და როგორ უნდა იხმარონ ხელის დასაბანად სადეზინფექციო ხსნარი.

ეს ყველაფერი ვირუსისგან რეალურად დაგვიცავს?

გვიცავს. დღეს სხვა უკეთესი არაფერი გვაქვს. დღეს თბილისი არის ვირუსის გავრცელების ბუდე. რა უნდა გაკეთდეს, რომ შეიზღუდოს გავრცელება, ამის სპეციალისტი მე არ ვარ. მაგრამ, ფაქტია, ან იძულებით უნდ გავაჩეროთ ხალხი, ან თვითონ უნდა გაჩერდნენ. თუ თვითშეგნებით არ ჩერდებიან, არის ორი მიზეზი. ან შეუგნებელია ხალხი, რასაც ნაკლებად ვვარაუდობ, ან ნაკლებია მათთან კომუნიკაცია.
თუ ჩვენ ვატარებთ არჩევნებს და ვიყენებთ ცნობად სახეებს იმისთვის, რომ ამომრჩეველს უთხრან გააკეთონ არჩევანი, რატომ არ შეიძლება, ცნობადი სახეები იმაშიც გამოვიყენოთ, რომ მოუწოდონ ხალხს და უთხრან, რომ მაქსიმალურად დაიცვან პირადი ჰიგიენა?

ქვეყანაში ტესტის გაკეთება შეიძლება პრობლემა გახდეს?

ვიცი, რომ არის გლობალური დეფიციტი სახარჯ მასალებზე. რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთან, სადაც ითქვა, რომ ტესტის ჩასატარებელი სახარჯი მასალების  დეფიციტია.

როდის დასრულდება პანდემია?

ჩემი ვარაუდით, ეს არაა ნათელმხილველის გათვლა, პანდემია საქართველოში დაახლოებით 650 კაცს შეიწირავს. ეს იქნება საქართველოს „ფასი“, რასაც კორონავირუსს გადაუხდის. ვვარაუდობ, რომ ეს ციფრი გვექნება მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს. თუ უფრო მეტი მაჩვენებელი გვექნება ამ დროისთვის, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ჩავფლავდით. მთლიანად როდის დამთავრდება, ძნელი სათქმელია. პანდემია დაბადების დღე არაა, რომ დაიწყოს და დამთავრდეს. ეს ვირუსი იქნება, უბრალოდ სახეს შეიცვლის და დიდი ხნის განმავლობაში იქნება. ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდება, ვისაც ახლა არ შეხვდება, შეხვდება მერე. მოხდება მისი მართვა ახალი მედიკამენტებით და მეტ-ნაკლებად დაქვეითდება მისი ვერაგი ბუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები