თბილისში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი – ”იყიდე ქართული” გაიმართება. ღონისძიება 10 ოქტომბერს თბილისში, სასტუმროში – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” ჩატარდება.
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE, მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF) და ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA).
როგორც ბიზნესფორუმის ორგანიზატორები აცხადებენ, “იყიდე ქართული” უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელიც ერთ სივრცეში შეკრებს მწარმოებლებს, საცალო & საბითუმო სავაჭრო ცენტრებს / ქსელებს / მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, საბითუმო ბაზრობებს, სატრანსპორტო / საფოსტო / კურიერულ კომპანიებს, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპორტიორებს & buyer-ებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს, ემიგრანტებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს / პროექტებს, ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს, ბიზნეს მედიას, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, სულ 300-ზე მეტ საქმიან ადამიანს.
ბიზნესფორუმზე იქნება: 1) გამოსვლები, 2) პანელური დისკუსიები, 3) ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპო & დეგუსტაცია და 4) B2B შეხვედრები.
KAR.GE-ის ინფორმაციით მონაწილე მწარმოებელთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.