საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ მოვალეობად ასახელებს იმ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვას, რომლებზეც, მისი განცხადებით, ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას. პრეზიდენტმა გამოყო ჯარი, სამართალდამცველები და ჯანდაცვის სფერო. პირველ ორ შემთხვევაში საქმე ეხება „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმას.
პრეზიდენტის შეფასებით, მიუღებელია, დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ მიმართვაში აცხადებს.
„ჯარზე – ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.
როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!“ – აცხადებს ზურაბიშვილი.
სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე – დამამცირებელი შეფასებები ასევე ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას იმ ნაწილში, სადაც ჩვენი ქვეყანა მაღალი საერთაშორისო შეფასებითა და რეპუტაციით სარგებლობს. ჩვენი სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში ეფექტიანად თანამშრობლობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. არსებული თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებს არ ემსახურება.
როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას. მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე, და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა!
ჯანდაცვის სფეროზე – მისი ყველაზე ცნობილი და დაფასებული წარმომადგენლების ლანძღვა და დისკრედიტაციის მცდელობა კი ემსახურება მათი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის შესუსტებას. იმ ნდობის, რომელიც პირველ ეტაპზე ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი იყო. ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ნდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა შევძლოთ ამ პროცესის ეფექტიანი მართვა, გავაღრმაოთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობები – იქნება ეს ვაქცინისა თუ სხვა საჭირო მედიკამენტების მიღება.
როგორც პრეზიდენტმა, არ შემიძლია, არ დავაფასო ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაწეული, მათი უდიდესი დამსახურება. მინდა გამოვხატო ჩემი და საზოგადოების მადლიერება ეპიდემიოლოგების, ექიმების, ექთნებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე, უხილავი მტრის წინააღმდეგ, დაუღალავად იბრძოდა და იბრძვის. ასევე მინდა ვისარგებლო და პატივი მივაგო იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვების გადარჩენას შესწირეს თავი“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სახელმწიფოს მეთაურის შეფასებით, შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშის და პანიკის გავრცელებას და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში.
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ არჩევნებზე მისვლა ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა.
„ეს თითოეული მოქალაქის ვალია – თქვენი, ჩემი“, – შენიშნავს ზურაბიშვილი. ის ულოცავს იმ ამომრჩევლებს, რომლებიც პირველად მიდიან არჩევნებზე: „წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე!“- აცხადებს პრეზიდენტი.