9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში კერძო და საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება.
ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„თბილისში, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ორშაბათიდან შეჩერებული იქნება როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება.
იმავე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ მიერ აქტიურად იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებში ნაკლები ადამიანის გადაადგილებაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.