ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი „ასტანა ექსპო 2017“-ის ფარგლებში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საერთაშორისო ფორუმში „ყაზენერჯი-2017, მომავლის ენერგიის შექმნა“ მონაწილეობს.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიან ფორუმზე სიტყვით გამოვა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ბაკიტჟან საგინტაევი. მოხსენებები უკვე გააკეთეს ყაზახეთის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრებმა.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ მდგრადი ენერგორესურსების ეფექტურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებს. ასევე, ენერგორესურსების წარმოების, შენახვისა და გამოყენების საკითხებს. კონფერენციაზე ისაუბრებენ ენერგიის წყაროების ხელმისაწვდომობაზე, კლიმატის ცვლილებასა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაზე. ამასთან, განიხილავენ ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების სტიმულირებისა და ენერგოეფექტურობის პროგრამების განხორციელების საკითხებს.
ფორუმი ორდღიანია და 8 სექტემბერს დასრულდება. ფორუმის ფარგლებში ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი პრესკონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას და ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებების კითხვებს უპასუხებს.
ცნობისთვის, ASTANA EXPO-2017 მასშტაბური გამოფენაა, რომლის სლოგანია ,,მომავლის ენერგია“, რაც მიზნად ისახავს აამაღლოს ადამიანების ცნობიერება ენერგიის გამოყენების კუთხით და ენერგიის გამოყენება გახადოს რაციონალური და ეფექტური. წელს, 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე საერთაშორისო გამოფენას ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა მასპინძლობს. ყაზახეთში გამოფენაში საქართველოსთან ერთად 115 ქვეყანა და 22 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს.