ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს რეკომენდაციებს კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით.
ამჯერად, ექიმმა ზურაბ გურულთან ერთად შეიმუშავა გზამკვლევი და ის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გზამკვლევში გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას კორონავირუსის მკურნალობასა და მართვის შესახებ.
“ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის”,-წერს ნანა გეგეჭკორი.
“ფორტუნა” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენს მიერ შექმნილ გზამკვლევს სახლში დარჩენილი კოვიდიანი პაციენტებისათვის მილიონამდე ნახვა ჰქონდა სოციალურ ქსელებში; მიუხედავად ამისა, არ წყდება შეკითხვები პირად ფოსტაში. წერენ სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებსაც შეძლებისდაგვარად სწრაფად ვპასუხობთ და წერენ ინსტრუქციების კითხვის მოძულენიც, რომლებსაც სურთ უშუალოდ, ჩვენგან მიიღონ კონსულტაცია.
წერენ ჩვენი კოლეგებიც, პროფესიული შეკითხვებით და წერენ მოცლილი პროფესიონალი ინტრიგანებიც, რომლებიც გულდასმით ამოწმებენ ჩვენს კომპეტენციასა და ბიოგრაფიას. ყოველდღიურად ვაგროვებთ საინტერესო შეკითხვებს და ვცდილობთ მათ ბაზაზე უფრო დახვეწილი გზამკვლევის შექმნას, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს დაავადების პრევენციის, მანიფესტაციის, სახლში და კლინიკაში მკურნალობის ყველა ასპექტს; რადგან აღელვებულ ადამიანებს აინტერესებთ ისიც, თუ როგორ მიხედონ საკუთარ თავს და ახლობლებს ექიმის გარეშე სახლის პირობებში და ისიც, თუ რამდენად მართებული მკურნალობა უტარდებათ მათ ახლობლებს კლინიკებში.
ეს გზამკვლევიც ამ მიზანს ემსახურება. აქ თავმოყრილია უახლესი ლიტერატურული მონაცემების ბაზაზე შეგროვილი ფაქტობრივი კლინიკური ინფორმაცია. ცხადია, ეს არის დაიჯესტი-გზამკვლევი და შეუძლებელია შეცვალოს გამოცდილი კლინიცისტისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, როდესაც და თუ ეს საჭირო გახდება. ამასთან, ამ გზამკვლევში მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ამერიკულ კლინიკურ რეალობას და შესაძლოა გარკვეულ შეუსაბამობაში მოდიოდეს ქართულ კლინიკურ რეალობასთან.
მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ გზამკვლევის ენა ყოფილიყო მარტივიც და ერთნაირად გამოსადეგი როგორც პოტენციური პაციენტებისათვის, ასევე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისათვის. ვინაიდან საქართველო ამჟამად შედის იმ ფაზაში, როდესაც მწვავე დეფიციტის გამო შესაძლოა სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს მოუხდეთ ჯანდაცვის პირველადი რგოლის სპეციალისტების როლის შესრულება, ვიმედოვნებთ, რომ ეს განზოგადოებული კლინიკური ინსტრუქციები მათთვისაც სასარგებლო იქნება. გზამკვლევი მოიცავს დაავადების რაობის, განვითარებისა და მკურნალობა-დიაგნოსტიკის მაქსიმალურად სრულყოფილ აღწერას.
აუცილებლად, ხაზგასმულად აღვნიშნავთ, რომ გზამკვლევში მოყვანილი მედიკამენტების გამოყენება ექიმის კონსულტაციისა და მითითების გარეშე მიზანშეუწონელი და სიცოცხლისთვის საშიშია!
ასევე, ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისათვის გამოსაყენებელი მედიკამენტების დოზები და საჭიროება მხოლოდ კლინიკაში განთავსებულ პაციენტებს ეხება!
შესავალი:
კორონავირუსების ჯგუფი ზოგადად იწვევს გაციების მსგავსად მიმდინარე რესპირატორულ დაავადებებს. ამ ვირუსთა ჯგუფიდან ორი ბეტაკორონავირუსი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით. ერთ-ერთი MERS-CoV-ა რომელიც იწვევს ეგრეთ წოდებულ აღმოსავლურ რესპირატორულ სინდრომს (Middle East respiratory syndrome), გამორჩეულად აგრესიულ პნევმონიას მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. მეორე კი ჩვენთვის ასე აქტუალური SARS-CoV-2, რომელიც ძირითადათ რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმდინარეობს, გამოირჩევა კომპლექსურობით და ზოგ შემთხვევაში იწვევს პოლიორგანულ უკმარისობას. დაავადების ძირითადი მექანიზმი მოიცავს ანთებითი რეაქციებით მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის სისხლძარღვების კედლების შიდა შრეში (ენდოთელიტი). დაავადება მაღალი პროთრომბოტულობით გამოირჩევა და მისი მძიმე ფორმები ხშირად რთულდება სხვადასხვა ორგანოში მიმდინარე მიკროთრომბოზებითა, თუ საშუალო და მსხვილი კალიბრის ვენური და არტერიული თრომბოზებით.
სამედიცინო ეთიკის მტკიცედ დაცვის მიზნით არ შევეხებით სიკვდილიანობის სტატისტიკას, ვინაიდან ყოველი ადამიანის სიცოცხლე უნიკალური და ერთნაირად ძვირფასია.
კოვიდ-19 ხასიათდება ასიმპტომატური, მსუბუქი, საშუალო და კრიტიკულად მძიმე მიმდინარეობით. დაავადების სიმძიმის ზედმიწევნით სწორად ამოცნობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სწორი დიაგნოსტიკის და მკურნალობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დაავადების ფაზების დროული ამოცნობა, რათა სწორად გამოვიყენოთ მკურნალობის ესათუის მეთოდი.
გადაცემა:
კოვიდი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, რაც გულისხმობს მის გავრცელებას როგორც ვირუსის შემცველი დიდი და მცირე წვეთების პირდაპირი მოხვედრით ადამიანიდან ადამიანზე, ასევე ჰაერში გაბნეული აეროზოლების შესუნთქვას. იმის გამო რომ როგორც მცირე (აეროზოლები) ისე დიდი ზომის ნაწილაკები (წვეთები) კონცენტრირებული არიან გამომყოფის ირგვლივ რამდენიმე მეტრში, გადაცემის ალბათობა იზრდება ახლო დისტანციაზე (2 მეტრზე ნაკლები დისტანცია) და ამგვარი ალბათობა მცირდება განიავებულ, ადეკვატურად დატენიანებულ სივრცეებში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, აეროზოლების წარმოქმნას ხელს უწყობენ ისეთი პროცედურები როგორიცაა ინჰალაცია, ინტუბაცია, არაინვაზიური ვენტილაცია, ასევე აქტივობები: საუბარი, სიმღერა, ყვირილი. ადვილი მისახვედრია, რატომ არის პრევენციის საუკეთესო საშუალებები დისტანცია, ნიღაბი, ვენტილაცია. ინფექციის გავრცელების მეორე გზა დაბინძურებული ზედაპირებიდან ვირუსის ხელით სახესთან მიტანაა და ეს წარმოშობს ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობას.
კორონავირუსის ნაწილაკები ასევე აღმოჩენილია სისხლსა და განავალში, თუმცა ფეკალურ-ორალური გადაცემა ლიტერატურაში აღწერილი არ არის.
გადაცემისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენენ ასიმპტომატური ან მსუბუქად დაავადებული პაციენტები. დღესდღეობით ვიცით, რომ დაავადების გადატანის 40-50% სწორედ ამ ჯგუფზე მოდის. დაავადების გადაცემის ალბათობა არსებობს სიმპტომების დაწყებამდე 1-3 დღის ფარგლებში. განსაკუთრებით გადამდები კი ინფიცირებული სიმპტომების მანიფესტაციის პერიოდში ხდება. ამას განაპირობებს ცხვირხახაში სიცოცხლისუნარიანი ვირუსების მაღალი კონცენტრაცია ამ პერიოდებში. გადაცემის ალბათობა ინფიცირებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ პრაქტიკულად ნულოვანია. სწორედ აქედან გამომდინარეობს იზოლაციის წესი, 10 დღე სიმპტომების დაწყებიდან, ბოლო 48 საათი ამ 10 დღეში უნდა იყოს უსიცხო, მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე. ცხადია, თუ ტემპერატურული რეაქცია 10 დღეზე დიდხანს გრძელდება, იზოლაციის აუცილებლობა გრძელდება მანამ, სანამ უსიცხო 48 საათი არ ჩაივლის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ განმეორებითი ტესტი შეიძლება დარჩეს დადებითი დაინფიცირებიდან რამდენიმე თვეც კი, თუმცა ამ დროს პაციენტი გადამდები აღარ არის. სწორედ ამიტომ, განმეორებითი ტესტი აუცლებელი არ არის იზოლაციიდან გამოსასვლელად. ამგვარი გადაწყვეტილება მთლიანად ემყარება კლინიკურ სურათს.
ინკუბაციური პერიოდი:
კოვიდ-ინფექციის ინკუბაციური პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მოიცავს 14 დღეს ინფიცირებულთან კონტაქტიდან.
კლინიკური მანიფესტაცია:
კლინიკური სიმპტომების სპექტრი მერყეობს ასიმპტომატურიდან კრიტიკულ მიმდინარეობამდე. სიმპტომატურ პაციენტებში საშუალო ინკუბაციური პერიოდი 4-5 დღეს მოიცავს. ამ ჯგუფის პაციენტების დაახლოებით 97 % აუცილებლად სიმპტომატიურია მე-11, მე-12 დღისთვის.
ყველაზე ხშირად კოვიდი პნევმონიისთვის (ფილტვების ანთება) დამახასიათებელი სიმპტომებით იწყება:
– ცხელება, ხველა (უმეტესად მშრალი, თუმცა შესაძლებელია ნახველითაც), სუნთქვის უკმარისობა.
თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლები სიხშირით გვხვდება ზედა სასუნთქი გზების დააავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
– გამოხატული სიმშრალე ზედა სასუნთქ გზებში;
– ყელის ტკივილი;
– უსიამოვნო წვის შეგრძნება გულმკერდის არეში;
– კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი მთელ სხეულზე;
– იშვიათად სურდო და ცრემლდენა;
– თავბრუსხვევა;
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმპტომები :
– ღებინება, გულისრევა;
– დიარეა;
– ტკივილი მუცლის არეში;
ნევროლოგიური დარღვევები :
– ყნოსვის და გემოს სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა;
– თავის ტკივილი;
– წონასწორობის მოშლა სიარულისას;
– ძილის სხვადასხვა ტიპის დარღვევები;
– შფოთვა და გამოხატული შიშები;
– გონების დაბინდვა;
– პარესთეზიები (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება სხეულზე);
– ზოგადი სისუსტე;
სხვა ორგანოების და სისტემების დაზიანებებით მიმდინარე ცვლილებები:
– კონიუნქტივიტი (თვალის თეთრი გარსის ანთება);
– ენდოფთალმიტი
– კანის დაზიანებები; კერძოდ, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი. განსაკუთრებით სპეციფიკურია მოწითალო-მოიისფრო გამონაყარი ფეხის და ხელის თითებზე.
ხშირად კოვიდის მანიფესტაცია შეიძლება დაიწყოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებით. არ არის აუცილებელი ყველა ზემოჩამოთვლილი სიმპტომი ერთდროულად აღინიშნებოდეს. შეიძლება დაავადება დაიწყოს მხოლოდ ერთი სიმპტომით. სიმძიმის ხარისხი განისაზღვრება სიმპტომების კომბინაციით. დაავადების მიმდინარეობა საშუალოდ 14 დღეს მოიცავს. არის შემთხვევები, როცა ერთეული სიმპტომები კვირეების განმავლობაში ნარჩუნდება. ხშირია სუბფებრილური ტემპერატურული რეაქციები 2-3 კვირის განმავლობაში. ამერიკული სტანდარტების მიხედვით ნორმალურ ტემპერატურად კოვიდ-ინფიცირებულისთვის ითვლება <37 C.
რისკის ჯგუფების შეფასება:
მაღალი რისკი არ გულისხმობს, რომ თქვენ უფრო ადვილად მიმღები ხართ კოვიდ-ინფექციის მიმართ. ის მხოლოდ დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობის პროგნოზულ ფაქტორად ითვლება.
მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტები, რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ, დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებენ.
რისკის კრიტერიუმებია:
- ასაკი >65 წელზე;
- მოხუცებულთა სახლის მობინადრენი;
- იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები, როგორიცაა შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი;
- კარდიოვასკულარული დაავადებები, განსაკუთრებით – ჰიპერტენზია;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- მაღალი ხარისხის სიმსუქნე, როცა სხეულის მასის ინდექსი >30
(სიმსუქნის ხარისხი სპეციალური ფორმულით იანგარიშება სხეულის მასის ინდექსი = წონა კილოგრამებში/სიმაღლე სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატში. ნორმალური წონის ინდექსი მერყეობს 18.5 – 24.9, 25 – 29.9 ითვლება ზედმეტ წონად, 30 – 34.9 პირველი ხარისხის სიმსუქნე, 35 – 39.9 მეორე ხარისხის სიმსუქნე, >40 მესამე ხარისხის სიმსუქნე);
- შაქრიანი დიაბეტი;
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
- ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები;
- ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია;.
- სისხლის დაავადებები, როგორიცაა თალასემია (up-to-date ყველაზე პოპულარული ამერიკული სამედიცინო პლატფორმაზე დაყრდნობით, ის ითვლება რისკის ფაქტორად, ბევრ სხვა გაიდლაინში არაა მოხსენიებული), ნამგლისებური ანემია.
თუ ამ სიაში ვერ იპოვით თქვენთვის საინტერესო კონკრეტულ დიაგნოზს, ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მათზე რაიმე სპეციფიკური ინფორმაცია არ არსებობს. ეს არც გამორიცხავს და არც უშვებს მათი რისკ-ჯგუფებში ყოფნის ალბათობას.
დიაგნოზი :
კოვიდ ინფექციით გამოწვეული დაავადების დიაგნოზი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ის მოიცავს SARS-CoV-2-ის ორგანიზმში არსებობის დადასტურებას და მისი ზემოქმედებით ორგანიზმში გამოწვეული ცვლილებების აღმოჩენას.
დიაგნოსტიკისათვის სამი ძირითადი მიმართულება არსებობს: კოვიდ ტესტები, სისხლის ანალიზები სხვადასხვა ტიპის დარღვევების აღმოსაჩენად და რადიოლოგიური კვლევები ვირუსული დაზიანებით გამოწვეული ორგანული ცვლილებების დასადასტურებლად. აქვე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ყველა ამ ტესტს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კლინიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ცალკე აღებული არცერთი ტესტი საკმარის საჭირო ინფორმაციას არ იძლევა დაავადების მართვის კუთხით, თუ ის არ იქნება შეჯერებული კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებთან.
ასევე, არცერთი ამ ტესტებიდან არ სჭირდება მსუბუქად დაავადებულ, რისკის ფაქტორების არმქონე პაციენტს. ასეთ შემთხვევაში ვერცერთი ციფრი, თუნდაც ნორმის ფარგლებს გაცდენილი, მკურნალობას ვერ შეცვლის. მეტიც, თუ კოვიდის მსუბუქი ფორმით დაავადებულ ან უსიმპტომო პაციენტს ჩაუტარებთ გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, დაახლოებით მათ 2/3-ში იპოვით „დაბურული მინის“ (ground glass pneumonia) სინდრომით მიმდინარე პნევმონიას; თუმცა ასეთი პნევმონია მკურნალობას არ საჭიროებს.
ტესტებს და დიაგნოსტიკის სხვა და სხვა მეთოდებს ექიმი იყენებს კლინიკური ეჭვების დასადასტურებლად მხოლოდ მაშინ, როცა ეჭვის დადასტურება დაავადების კლინიკური მართვის ტაქტიკას ცვლის.
კოვიდ-სპეციფიკური ტესტები:
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება რამდენიმე ტიპის ტესტი. კლინიკურ პრაქტიკაში დღეს არსებულ ტესტებს შეუძლიათ SARS-CoV-2-ის ნუკლეინის მჟავას აღმოჩენა ეგრეთ წოდებული PCR მეთოდით. უშუალოდ სიმპტომების დაწყებამდე, ან დაწყების დღიდან სწორად შესრულებული PCR ტესტის დიაგნოსტიკური მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი და ის ხშირად 100%-საც კი აღწევს. სწორად შესრულებული ტესტისას ნიმუში უნდა იყოს აღებული ცხვირხახიდან. ტესტ-ჩხირი ცხვირის ღრუში ღრმად უნდა მოთავსდეს, რათა მისწვდეს ცხვირხახას. ცხვირის ღრუში ზედაპირულად, არასაკმარის სიღრმეზე მოთავსებული ტესტ-ჩხირი განაპირობებს ყალბი უარყოფითი პასუხის მაღალ შანსს!
FDA-მ გასცა სპეციალური უფლება (emergency use authorization) კომერციული PCR ტესტების გამოსაყენებლად. ზოგიერთი მათგანი ითვალისწინებს ნაცხის აღებას ცხვირხახიდან, პირხახიდან, ცხვირის ღრუს შუა და წინა ნაწილებიდან (mid-turbinate and anterior nares).
FDA-მ ასევე გასცა სპეციალური უფლება სწრაფი, ანტიგენის აღმოჩენაზე დამყარებული ტესტის გამოსაყენებლად. ამგვარი ტესტი, ზოგადად, ნაკლებად სპეციფიკურია, თუმცა იაფია და პაციენტის სწრაფი ტრიაჟის საშუალებას იძლევა. პასუხს 15 წუთი სჭირდება. განსაკუთრებით გამოსადეგია გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილებებისთვის იმ შემთხვევებში, როცა ტრიაჟის დრო პაციენტის ტვინის ან გულის ქსოვილის გადარჩენის ალბათობას მკვეთრად ცვლის. მაგალითად, ინსულტით ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით შემოსული პაციენტი საჭირო პროცედურების ჩასატარებლად ვერ დაელოდება ჩვეულებრივი PCR ტესტის პასუხს. ამ დაავადებების მკურნალობისას უსწრაფეს ჩარევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგივე ეხება ნებისმიერ გადაუდებელ მდგომარეობას.
ტესტირების კიდევ ერთი მეთოდი სისხლში ანტისხეულების გაზომვაა. ეგრეთ წოდებული IgM (მწვავე ფაზის) და IgG (ქრონიკული ფაზის) ანტისხეულების აღმოჩენა შესაძლებელია სიმპტომების დაწყებიდან საშუალოდ 14 დღის შემდეგ. ცხადია, მწვავე ფაზის ანტისხეულები ამ ვადებში მეტი ალბათობით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ქრონიკული ფაზისას კი ხშირად მეტი დრო სჭირდება სისხლში საჭირო კონცენტრაციის მისაღწევად. უარყოფითი ანტისხეულების ტესტი უპირობოდ არ ნიშნავს, რომ ორგანიზმმა ისინი ვერ გამოიმუშავა. თუ კლინიკური და სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით კოვიდი დადასტურებული იყო და ანტისხეულების ტესტი ნეგატიურია, შეიძლება საქმე გვქონდეს ძალიან დაბალ ტიტრთან. ასეთ დროს ანტისხეულების ტიტრი ტესტის მგრძნობელობაზე დაბალია.
სისხლის ანალიზები (კოვიდ-სპეციფიური ცვლილებები სისხლში)
– სისხლის საერთო ანალიზი (ლეიკოპენია, ლიმფოპენია, ეოზინოპენია, თრომბოპენია)
– სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (ჰიპონატრემია, მომატებული შარდოვანა და კრეატინინი)
– პროკალციტონინი ხშირად უარყოფითია, მომატებული პროკალციტონინი პროგნოსტიკულად არასასურველ ნიშნად ითვლება.
– კოაგულოგრამა (მომატებული პროთრომბინის დრო, მომატებული ფიბრინოგენი)
– ტროპონინი (მნიშნველოვნად მომატებული ტროპონინი შეიძლება მიუთითებდეს გულის თანდართულ იშემიურ პრობლემაზე (ჟანგბადის მოხმარების გაზრდით ან არტერიული თრომბოზებით გამოწვეული უკმარისობით), ან ადრეულ მიოკარდიტზე; ამიტომ ამგვარ პაციენტს დამატებითი კვლევები და კარდიოლოგის მეთვალყურეობა დასჭირდება)
– მომატებულიღვიძლისფერმენტები
– მომატებული დ-დიმერი
– მომატებულილაქტატდეჰიდროგენაზა
– მომატებული „ც“რეაქტიულიცილა
– მომატებულიფერიტინი
– მომატებული ინტერლეიკინ-6
– ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სისხლის და –
– ნახველის კულტურების ბაქტერიოლოგიური კვლევა იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ თანდართულ ბაქტერიულ პნევმონიაზე ან სეფსისზე გაქვთ ეჭვი. ეს კვლევა სასურველია ჩატარდეს მანამ სანამ ანტიბიოტიკებით მკურნალობას დაიწყებთ, რათა რეალური ინფორმაცია მიიღოთ გამომწვევზე. ასევე დაგეხმარებათ შეავიწროვოთ ანტიბიოტიკების სპექტრი და მკურნალობა გახადოთ გამომწვევ-სპეციფიკური.
რადიოლოგიურიკვლევა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიოლოგიური კვლევა საწყის ეტაპზე, მსუბუქად დაავადებულებს არ სჭირდებათ! თუ დაავადება მძიმდება და სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს, მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. რადიოლოგიური კვლევა სრულიად უსაფრთხო არ არის; ის დაბალი ხარისხის დასხივებას იწვევს, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება სპეციალური დანიშნულების გარეშე.
>>> პირველი რიგის ტესტი გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევაა. აქაც აუცილებელია კლინიკური კონტექსტის გამოყენება. თუ თქვენ საქმე გაქვთ პაციენტთან, რომელსაც შედარებით მსუბუქი ფორმის დაავადება აქვს, მაგრამ რაიმე სხვა მიზეზით გადაწყვიტეთ რადიოლოგიური კვლევის ჩატარება, ამგვარი, მცირე ფართობის დაზიანებით მიმდინარე პნევმონია რენტგენოლოგიურ კვლევაზე ხშირად არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ და პირველი რიგის კვლევად შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომპიუტერული ტომოგრაფია. მსუბუქად მიმდინარე კოვიდ ინფექციისას რადიოლოგიური კვლევა კოვიდ-პნევმონიის აღმოსაჩენად მიზანშეწონილი არ არის. თუნდაც დაადასტუროთ პნევმონია, მას მკურნალობა არ სჭირდება.
>>> კოვიდ პნევმონიის დიაგნოსტიკისას შედარებით მაღალი სპეციფიკურობით გამოირჩევა გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია.
>>> თუ ეჭვი ფილტვის არტერიის ემბოლიაზე გვაქვს, რადიოლოგიური კვლევის საუკეთესო ვერსიაა გულკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით (CT angiography)
დაავადების კლინიკური მიმდინარეობა:
კოვიდ-ინფიცირებული პაციენტის შეფასება იწყება დააავადების სიმძიმის განსაზღვრით. ამაზე დაყრდნობით ხდება ტრიაჟის და მკურნალობის ტაქტიკის აგება.
დღეს არსებული მონაცემებით,ინფიცირებულების 80 %-ს დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმები აღენიშნებათ, დაახლოებით 15% მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და პაციენტების 5%-ს კრიტიკულ ფორმასთან უწევს გამკლავება.
მსუბუქი ფორმით დაავადებულ პაციენტებს ექიმის სპეციალური მეთვალყურეობა არ სჭირდებათ, თუ ისინი არ განეკუთვნებიან რისკ-ჯგუფებს!
რისკ-ჯგუფში მყოფი ყველა პაციენტიც არ საჭიროებს ამგვარ ზედამხედველობას, თუ მათი თანდართული პრობლემები კარგად არის მართული. მაგალითად, ზედმიწევნით კარგად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი მსუბუქი კოვიდ-ინფექციით, შეიძლება დარჩეს სახლში და თავად მართოს პროცესი, ისევე როგორც მოიქცეოდა სეზონური გრიპის შემთხვევაში.
თუმცა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ სიმპტომებს დინამიკაში და ექიმთან მიმართვის გადაწყვეტილებას ყოველდღიურ რეჟიმში გადავხედოთ. როგორც წესი, კლინიკურად, პაციენტის დამძიმება დაავადების დაწყებიდან ერთ კვირაში ხდება ხოლმე (თუ ასეთი ალბათობა აქვს პაციენტს) და რისკ-ჯგუფები ამ ეტაპზე განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვენ. ასეთ დროს ძალიან დაბალია სრული კლინიკური კვლევის აუცილებლობის ზღურბლი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდეს. დღესდღეობით არ არსებობს არანაირი სპეციფიკური კრიტერიუმი, რის მიხედვითაც გართულებების ან დაავადების დამძიმების პროგნოზირების სრული შესაძლებლობა გვექნებოდა მსუბუქი ფორმებით ინფიცირებულებში. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში არსებობს სპეციალური რისკის შკალები, რაც კლინიკური გამოსავლის მეტნაკლებად პროგნოზირების საშულებას იძლევა, თუმცა მათი გამოყენება მკურნალობის სტანდარტს ჯერჯერობით არ წარმოადგენს.
დაავადების გაუარესების კლინიკური ნიშნები:
- უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას.
- გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა, უჩვეულო აგზნება, გამოხატული მოუსვენრობა სხვა სიმპტომებთან ერთად.
- მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
- გამოხატული სუნთქვის უკმარისობა.
- ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში (ტკივილის ხასიათი არ იცვლება მოძრაობისას სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში. ტკივილის გამოწვევა ან დაყუჩება ან ხასიათის ცვლილება შეუძლებელია შეხებით. ტკივილი გადაეცემა ქვედა ყბას, კისერს, ზემო კიდურებს, ბეჭის მიმდებარე ტერიტორიას ან მუცლის ზედა კვადრანტს).
- უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას.
- საკმარისი რაოდენობით საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო.
- დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
- ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს).
- სუნთქვის გამოხატული უკმარისობა.
>>> სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ნიშნები:
- ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი სუნთქვის გაძნელების გამო.
- სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმის მიხედვით არ აღემატება 18-20-ს წუთში).
- ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას.
- ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
- პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი რომლის ევაკუაცია (ამოხველება) გართულებულია. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
- ქოშინი მინიმალური დატვირთვისას.
>>> სუნთქვის უკმარისობის (დისპნეა) ხარისხები:
მსუბუქი დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა არ იწვევს ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვას და ის გამოხატულია მხოლოდ უჩვეულო დატვირთვისას, მაგალითად, სწრაფი სიარულის, ან ერთი თუ ორი სართულით კიბეზე ასვლისას.
საშუალო სიმძიმის დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გიზღუდავთ ჩვეულებრივ აქტივობებს (გამოხატულია სამზარეულოში საკვების მომზადებისას, ვერ ადიხართ კიბეებზე შესვენების გარეშე, ვერ ალაგებთ სახლს).
მძიმე დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გამოხატულია დასვენების დროსაც; ვერ ახერხებთ მარტივ მოძრაობებს, მაგალითად, ტანსაცმლის ჩაცმას.
დაავადების დინამიკის შეფასებას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გავიგოთ შეგვიძლია მკურნალობის სახლში გაგრძელება, თუ დროა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
თუ დაავადების ჩვეულ მიმდინარეობას ახალი, რთულად ასატანი სიმპტომები დაერთო, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებელია სრული დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება. ზემოთ ჩამოთვლილ ტესტებთან ერთად სასურველია სეზონურ ვირუსულ ინფექციებზეც ჩატარდეს კვლევა და ასევე, თუ შესაძლებელია ჩატარდეს რადიოლოგიური დიაგნოსტიკა ზემოთ ნახსენები სქემით.
საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში ზედმიწევნით ფრთხილად უნდა გამოიყოს პაციენტთა ჯგუფი, რომელიც დროულ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს; რისკის ფაქტორების ან უარყოფითი დინამიკის ტემპის გათვალისწინებით. დანარჩენების მართვა კი ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლებელია სახლში გაგრძელდეს.
>>> საშუალო სიმძიმის დაავადების კრიტერიუმებია:
ჰიპოქსიის გარეშე მიმდინარე რადიოგრაფიულად დადასტურებული ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (პნევმონია), სატურაცია (სისხლში ჟანგბადის პროცენტული შემცველობა) >94% ოთახის ჰაერზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ გამოგვეპაროს მძიმედ მიმდინარე დაავადება და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ამგვარი პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაციისთვის.
>>> მძიმედ მიმდინარე დაავადების კრიტერიუმებია:
– გამოხატული ტაქიპნოე (სუნთქვის სიხშირე >30 წუთში)
– ჰიპოქსია (სატურაცია <93%, სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის შეფარდება ჩასუნთქული ჟანგბადის ფრაქციასთან <300, ეგრეთ წოდებული PF ratio)
– რადიოლოგიური კვლევით დადასტურებული ინფილტრატები ფილტვებში >50%
ცხადია, მძიმედ მიმდინარე დაავადება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. ამგვარი მიდგომა დაგჭირდებათ ასევე იმ პაციენტების მიმართაც, ვისაც მნიშვნელოვანი ქრონიკული დაავადებების გამწვავება აღენიშნება და ეს ართულებს კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმის სახლში მართვას. სწორად შერჩეული პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია კრიტიკულად აუცილებელია საიმედო კლინიკური გამოსავლისათვის.
ჰოსპიტალიზირებულ პაციენტს პირველ ეტაპზე სჭირდება ის ტესტები, რაც ზემოთ არის მითითებული. დამატებით, აუცილებელია ელექტროკარდიოგრამა, რადგან ამგვარ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და მკურნალობისას ელექტროკარდიოგრამაზე შესაბამისი ცვლილებების დროულ აღმოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისათვის საშიში არითმიების თავიდან ასარიდებლად.
კოვიდ ინფექციის კლინიკური მართვა:
კოვიდ-19-ის მსუბუქი ფორმით დაავადებული პაციენტები უნდა დარჩნენ სახლში, იზოლაციაში და იმკურნალონ სიმპტომატურად. სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობის (supportive treatment) პრინციპები დეტალებში განხილულია ჩვენს წინა პოსტებში, ლაივის ჩანაწერებსა და ანიმაციაში. იხილეთ ყველა მათგანი ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის ფეისბუქ-გვერდებზე. სასურველია, სახლში დარჩენილ, მსუბუქი ფორმით დაავადებულ პაციენტს რისკის ჯგუფიდან, ჰქოდეს პულსოქსიმეტრი, რათა მონიტორინგი დაეყრდნოს შედარებით ობიექტურ მახასიათებლებს.
საშუალო სიმძიმის პაციენტები საჭიროებენ უშუალო, ახლო ზედამხედველობას სახლის პირობებში, რისკების და უარყოფითი დინამიკის ტემპის გათვალისწინებით შეიძლება ადრეული ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდეთ. ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება ხშირად შეიძლება დაეფუძნოს კლინიკურ ლოგიკას და დაავადების სიმძიმესთან ერთად გათვალისწინებული იყოს პაციენტის სოციალური მდგომარეობაც. მაგალითად, შეიძლება დაავადების სიმძიმის ხარისხით პაციენტი არ საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ თანდართული მენტალური პრობლემების ან ზუსტი მონიტორინგის შეუძლებლობის გამო მისი დატოვება სახლის პირობებში უსაფრთხო არ იყოს.
თუ ექიმს აქვს მყარი კლინიკური და დიაგნოსტიკური საფუძველი, ეჭვი მიიტანოს ბაქტერიულ პნევმონიაზე, მკურნალობაში შეიძლება ჩართული იქნეს ანტიბიოტიკები. დაიმახსოვრეთ, ანტიბიოტიკებით არამიზნობრივ მკურნალობას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს პაციენტს. კოვიდ-19 ვირუსული დაავადებაა. ანტიბიოტიკები ვერ ახდენენ გავლენას ვირუსული პროცესების მიმდინარეობაზე. უსაფუძვლოდ დანიშნულმა ანტიბიოტიკმა კი შეიძლება რეზისტენტული ბაქტერიული შტამების წარმოშობას შეუწყოს ხელი. ასევე ანტიბიოტიკების გვერდით მოვლენებს შეუძლიათ ძირითადი დაავადების მიმდინარეობის დამძიმება.
თუ ეჭვი გაქვთ, რომ პაციენტი შეიძლება კოვიდთან ერთად სეზონური გრიპითაც იყოს ავად, სასურველია ინფლუენცაზე ტესტი ჩატარდეს და მართვაში ჩაირთოს სპეციფიკური მკურნალობა სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში.
მძიმედ მიმდინარე კოვიდ-19-ის მკურნალობის პრინციპების სწორად გასაგებად აუცილებელია ვიცოდეთ დაავადების განვითარების ეტაპები. ეს დაგვეხმარება მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ადექვატურად შერჩევასა და დროულად დაწყებაში.
SARS-CoV-2 ვირუსის ორგანიზმში შეჭრას მოჰყვება მისი სწრაფი რეპლიკაცია (გამრავლება); ამავე დროს ის ეძებს საყრდენს, რომელსაც მიემაგრება; ამის შემდეგ იწყებს დამაზიანებელ მოქმედებას საყრდენიდან შესაბამის ორგანოზე გავრცელებით. ამგვარ საყრდენად SARS-CoV-2 ანგიოტენზინის რეცეპტორებს იყენებს.
რეპლიკაციის ფაზას მოჰყვება ანთების ფაზა. როგორც წესი, ანთების ფაზის გააქტიურებას ემთხვევა დაავადების კლინიკური მანიფესტაცია (მე-5, მე-7 დღე). ანთება არის ორგანიზმის რეაქცია დაზიანებაზე. ვირუსის ორგანიზმში შეჭრისთანავე იმუნური რეაქციაც იკრებს ძალას. დღესდღეობით ვიცით, რომ SARS-CoV-2- ს იმუნური სისტემის ორივე კომპონენტი, ჰუმორული (ანტისხეულები) და უჯრედული (T-ლიმფოციტები) პასუხობს. ამ დროისათვის არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმუნური პასუხის ხანგრძლივობაზე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის აქტიურად გვიცავს დაახლოებით 3-6 თვის განმავლობაში. ცხადია, იმუნური რეაქციის აქტიურ ანტისხეულებად და T-ლიმფოციტებად ტრანსფორმირებას დრო სჭირდება. ეს დრო კი სამწუხაროდ პაციენტის სასარგებლოდ არ მუშაობს. იმუნური პასუხი ზოგადად ძალიან ინდივიდუალურია და ალბათ ესეც განაპირობებს ხშირად, ერთიდაიგივე რისკის მქონე პაციენტებში დაავადების დრამატულად განსხვავებულად მიმდინარეობას.
კოვიდ-19-ის მკურნალობის ამჟამად არსებული, კვლევებით შედარებით გამყარებული მეთოდები მოიცავს იმუნურ კომპონენტს, RNA პოლიმერაზას ინჰიბიტორს, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, ანტიკოაგულანტებს და დამხმარე საშუალებებს სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების დროებით ჩასანაცვლებლად ან დასახმარებლად.
– იმუნური თერაპია: კონვალესცენტური პლაზმა, მონოკლონალური ანტისხეულები.
– ადენოზინ-ნუკლეოტიდის ანალოგი ფართო სპექტრის ანტივირუსული მოქმედებით – რემდესევირი
– ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები: სტეროიდების ჯგუფის პრეპარატები, დექსამეტაზონი, პრედნიზონი, ჰიდროქსიკორტიზონი, სოლუმედროლი.
– დამხმარე საშუალებები სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციების დროებით ჩასანაცვლებლად:
> სასუნთქი სისტემა: ჟანგბადით თერაპია (ცხვირის კანულით ან სახის ნიღაბით მიწოდებული, nonrebreather და high-flow), არაინვაზიური ვენტილაცია (BIPAP), ინვაზიური ვენტილაცია, ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაცია (Extracorporeal membrane oxygenation (ECMO)
> გულსისხლძარღვთა სისტემა: ინტრააორტული ბალონური ტუმბო (intra-aortic balloon pump), იმპელა
> თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია: უწყვეტი ვენო-ვენური (Continuous Veno- Venous Hemodialysis (CVVHD)) დარეგულარულიჰემოდიალიზი
ყველა ზემოაღნიშნულ მეთოდს სჭირდება ზუსტი შერჩევა დაავადების განვითარების ეტაპის მიხედვით, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული მათი სამკურნალო ეფექტები და თავიდან აცილებული შესაძლო უარყოფითი ზეგავლენა.
კიდევ ერთხელ, უსიმპტომო ან მსუბუქი ფორმით მიმდინარე დაავადებას კოვიდ-სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება!
ასეთ პაციენტებს მხოლოდ სიმპტომატური დახმარება ესაჭიროებათ სიცხის დამწევებით, ტკივილგამაყუჩებლებით, ადექვატური ჰიდრატაციის სახით ( საკმარისი რაოდენობის, სწორად შერჩეული სითხეები). ამ შემთხვევებში საუკეთესო საშუალებებია პარაცეტამოლი, იბუპროფენი (ამ ორი ჯგუფის პრეპარატები ნებისმიერი დასახელებით). ადექვატური ჰიდრატაციის მიზნით შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი, არატკბილი სითხე. სასურველია, დაავადების პერიოდში თავი მოარიდოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების ჭარბად გამოყენებას.
სახლის პირობებში დარჩენილი საშუალო სიმძიმის პაციენტების მკურნალობაშიც იგივე პრინციპებს ვიყენებთ, რაც მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას გვჭირდება. ამ ჯგუფში განსხვავებული იქნება მხოლოდ ის შემთხვევები, როცა საქმე გაქვთ კლინიკურად, ლაბორატორიულად და რადიოლოგიურად დადასტურებულ ბაქტერიულ პნევმონიასთან. ბაქტერიული (და არა კოვიდ) პნევმონიის სამკურნალოდ ანტიბიოტიკების დამატება დაგვჭირდება. კიდევ ერთხელ: კოვიდ პნევმონიას ანტიბიოტიკების ჩართვა არ სჭირდება, თუ არ გვაქვს დადასტურებული ფაქტები, რაც ბაქტერიული პროცესების განვითარების სასარგებლოდ მეტყველებენ. ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება ძლიერ ვნებს ადამიანს!!!
სახლში მართვადი კოვიდ-ინფექცია არ საჭიროებს სტეროიდების ჩართვასაც. მეტიც, სტეროიდები პაციენტების ამ ჯგუფისთვის საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. სტეროიდები ცნობილი იმუნოსუპრესანტები არიან. მათ ასევე აქვთ უნარი გაახანგრძლივონ ვირუსის რეპლიკაციის ფაზა. ასე რომ, სტეროიდების ადრეულ ფაზაში გამოყენებამ შეიძლება ინფიცირებულის ორგანიზმის იმუნური პასუხი დათრგუნოს და დატოვოს დამცველობითი მექანიზმების გარეშე. ან ისე შეანელოს იმუნური პასუხი, რომ სანამ დამცველობითი მექანიზმები ძალას მოიკრებენ, ვირუსი შეძლებს სერიოზული ზიანის მიყენებას.
ჰოსპიტალიზირებული პაციენტის მკურნალობის სქემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტადიაზე ხვდება ის ჰოსპიტალში.
პასიური იმუნიტეტის მინიჭება პაციენტისთვის კონვალესცენტური პლაზმის ან მონოკლონალური ანტისხეულების სახით, იდეალური იქნებოდა დაავადებასთან შეხების პირველი საათებიდანვე. იგივე ეხება ანტივირუსულ პრეპარატსაც. თუმცა, დღესდღეობით არ არსებობს კვლევა, რომელიც ასეთი გამოყენებით მიღებულ სარგებლიანობას მეცნიერულად დაადასტურებდა. დღეს არსებულ კვლევებზე დაყრდნობით, ანტივირუსულ პრეპარატსაც და პასიურ პლაზმა/ანტისხეულებსაც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში ვიყენებთ. არც ერთი ეს პრეპარატი არ არსებობს ტაბლეტირებული ფორმით, რომ მათი გამოყენება სახლის პირობებში იყოს შესაძლებელი. ამასთანავე, ყველა ამ პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სხვადასხვა ლაბორატორიული, თუ კლინიკური მაჩვენებლების საათობრივი და ყოველდღიური მონიტორინგი, რათა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ზემოჩამოთვლილი მედიკამენტების არამონიტორირებულ პირობებში გამოყენებამ შეიძლება პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს, მათ მიერ გამოწვეული გართულებების სწორად და დროულად დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მოკლედ შევაჯამოთ ამჟამად, ამ კონკრეტული მომენტისათვის არსებული მკურნალობის სტანდარტი. უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პრეპარატი ნებადართულია როგორც მკურნალობის ოფიციალური, სტანდარტული ეტალონი და არა როგორც ეგრეთ წოდებული emergency use, ანუ გადაუდებელი სიტუაციისათვის გამოსაყენებელი საშუალება.
არაჰოსპიტალიზირებული პაციენტი:
>>> არ გამოიყენოთ ანტივირუსული პრეპარატი!
>>> ამერიკული და ევროპული გაიდლაინები, ორივე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სტეროიდების გამოყენებას!
>>> არ სჭიროებს პროფილაქტიკურ ანტიკოაგულაციას ან ანტითრომბოტულ თერაპიას ასპირინის სახით; გარდა ერთეული შემთხვევებისა, როცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, თრომბოზების რისკებისა და სისხლდენის საშიშროების გათვალისწინებით. ამგვარი მკურნალობის გადაწყვეტილება არ მიიღება მხოლოდ დ-დიმერის ან ფიბრინოგენის ციფრებზე დაყრდნობით. აუცილებელია სწორი კლინიკური კონტექსტის გათვალისწინება!
ჰოსპიტალიზირებული პაციენტი, რომელსაც სჭირდება ჟანგბადით თერაპია, მაგრამ არ ითხოვს მაღალი ლიტრაჟით მხარდაჭერას; ანუ ცხვირის კანულით ან სპეციალური ნიღაბით მიწოდებული ჟანგბადით ინარჩუნებს ნორმალურ სატურაციას და ჯერ კიდევ არ საჭიროებს High-flow, არაინვაზიურ, ან ინვაზიურ ვენტილაციას ან ეკმოს :
>>> რემდესევირი
>>> ან რემდესევირი + დექსამეტაზონი
>>> თუ რემდესევირის გამოყენება შეუძლებელია, ამ ჯგუფში პირველი რიგის პრეპარატია დექსამეტაზონი.
>>> პროფილაქტიკური ან თერაპიული დოზებით ანტიკოაგულაცია, ინდივიდუალური რისკების გათვალისწინებით, ჰოსპიტლის შიდა განაწესის მიხედვით
ჰოსპიტალიზირებული პაციენტი ჟანგბადის მაღალი მოხმარებით (High-flow, არაინვაზიური ვენტილაცია).
>>> დექსამეტაზონი+რემდესევირი
>>> ან დექსამეტაზონი მხოლოდ, თუ რემდესევირი არ გაგაჩნიათ.
>>> პროფილაქტიკური ან თერაპიული დოზებით ანტიკოაგულაცია, ინდივიდუალური რისკების გათვალისწინებით, ჰოსპიტლის შიდა განაწესის მიხედვით.
მექანიკურვენტილაციაზეანეკმოზემყოფიჰოსპიტალიზირებულიპაციენტი
>>> დექსამეტაზონი+რემდესევირი
>>> ან დექსამეტაზონი მხოლოდ თუ რემდესევირი არ გაგაჩნიათ.
>>> პროფილაქტიკური ან თერაპიული დოზებით ანტიკოაგულაცია, ინდივიდუალური რისკების გათვალისწინებით, ჰოსპიტლის შიდა განაწესის მიხედვით.
- კონვალესცენტური პლაზმის გამოყენებას სარგებლის მოტანა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადების დაწყებიდან გასულია არაუგვიანეს 7 დღისა; ტესტი IgG ანტისხეულზე ნეგატიურია და PCR ტესტი კოვიდზე დადებითია. გამოყენება შესაძლებელია ზემოჩამოთვლილ ყველა ჯგუფში.
- მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენება შეიძლება ზემოჩამოთვლილ ნებისმიერ ჯგუფში, თუ დაავადების დაწყებიდან გასულია არაუგვიანეს 7 დღისა და პაციენტს არ მიუღია პლაზმა ან ინტრავენური იმუნოგლობულინები ბოლო 5 თვის განმავლობაში. წინააღმდეგჩვენებებია: დადასტურებული ინსულტი, კრუნჩხვები, კოვიდთან დაკავშირებული თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, სექსუალურად აქტიური ქალი და მამაკაცი, იმ შემთხვევაში თუ ისინი კონტრაცეპციას არ თანხმდებიან მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში (ეს წინააღმდეგჩვენებები ეხებოდა იმ პერიოდს, როცა მონოკლონალური ანტისხეულები გამოიყენებოდა მხოლოდ კვლევის ფარგლებში. რამდენიმე დღის წინ FDA-მ გასცა ამ პრეპარატის გადაუდებელი აუცილებლობით გამოყენების უფლება და ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით შეიცვალა თუ არა წინააღმდეგჩვენებების სია).
პრეპარატების მოქმედების მექანიზმი, დოზებიდამონიტორინგისთავისებურებები
- რემდესევირი, გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ფორმა.
დოზა: 200 მგ პირველი დოზა, 100 მგ ყოველ 24 საათში შემდეგი 4 დოზა. სულ საჭროა ხუთდღიანი კურსი.
მოქმედების მექანიზმი: ადენოზინ-ნუკლეოტიდის ანალოგი ფართო სპექტრის ანტივირუსული მოქმედებით.
მკურნალობის მონიტორინგი: ღვიძლის ფერმენტების და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად, მკურნალობის კურსის განმავლობაში.
მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტა აუცილებელია, თუ:
ა) ალანინამინოტრანსფერაზა ხუთჯერ აღემატება საწყის მაჩვენებელს ან სამჯერ იზრდება საწყის მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ თან ერთვის კონიუგირებული ბილირუბინემია; ბ) ალკალინ ფოსფატაზა მომატებულია ან INR სცილდება დასაშვებ ნორმას; გ) თუ კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წუთში, პრეპარატის გაგრძელების გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა იქნეს მიღებული რისკისა და სარგებლიანობის შეჯერების შედეგად.
- სტეროიდები, გამოიყენება როგორც ინტრავენური ასევე ტაბლეტირებული ფორმით:
დექსამეტაზონი 6 მგ ინტრავენურად ან პერორალურად ყოველ 24 საათში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. თუ დექსამეტაზონი არ არის ხელმისაწვდომი, ექვივალენტური დოზებით მეთილპრედნიზოლონი 32 მგ, ან პრედნიზონი 40 მგ, ასევე ნებისმიერი, ინტრავენური ან პერორალური ფორმით.
მოქმედების მექანიზმი: ანთების საწინააღმდეგო.
მკურნალობის მონიტორინგი: ჰიპერგლიცემია, ნევროლოგიური გვერდითი ეფექტები (აჟიტირება, გონების დაბინდვა), ადრენალური უკმარისობა, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების რისკები.
- კონვალესცენტური პლაზმა, გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ფორმა:
დოზა: 1 ერთეულიერთდოზად
მოქმედების მექანიზმი: პასიური იმუნიტეტი
მკურნალობის მონიტორინგი: მოცულობითი გადატვირთვა, ტემპერატურული და ალერგიული რეაქციები
- SARS-CoV-2 ეგრეთწოდებული „სპაიკ“ ცილის საწინააღმდეგო მონოკლონალური ანტისხეულები, გამოიყენება ინტრავენური ფორმით:
დოზა: 1 დოზა მხოლოდ ერთხელ!
მოქმედების მექანიზმი: SARS-CoV-2 ეგრეთწოდებული „სპაიკ“ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულები.
მკურნალობის მონიტორინგი: ტემპერატურული და ალერგიული რეაქციები.
ზედმიწევნით ზუსტი კონტროლი სჭირდება თანდართულ დაავადებებს, რათა კლინიკური კურსი არ დამძიმდეს მათი დეკომპენსაციის გამო!!!
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მეორე ტიპის დიაბეტის კონტროლს.
>>> სპეციალური თვითმონიტორინგის საშუალებები არაჰოსპიტალიზირებული პაციენტებისთვის
მათი გამოყენება შესაძლებელია ასევე არატელემეტრიულ განყოფილებებში პაციენტზე დასაკვირებლად. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყო ხელმისაწვდომია ონლაინ მაღაზიებში გამოწერით. ზოგიერთს ამაზონზეც კი იპოვით. ყველა ამ საშუალების გამოყენება უადვილესია და არ საჭიროებს სპეციალისტის ინსტრუქციას. ამ ხელსაწყოებს მოყვება გამოყენების დეტალური ინსტრუქცია.
- პორტატულიპულსოქსიმეტრი
- KardiaMobile 6L, გამოიყენება 6 განხრიანი კარდიოგრამის გადასაღებად. საჭიროებს სმარტფონს. პაციენტს თავისით შეუძლია გადაიღოს არაჩვეულებრივი ხარისხის კარდიოგრამა და გაუგზავნოს ექიმს ტექსტური შეტყობინების სახით ნებისმიერი სისტემის გამოყენებით, იქნება ეს ტელეფონი, ელ-ფოსტა თუ სოციალური ქსელი.
- Apple watch-ით შეგიძლიათ ასევე გადაიღოთ ერთგანხრიანი, არაჩვეულებრივი ხარისხის კარდიოგრამა და გააკონტროლოთ სატურაცია საათშივე ინკორპორირებული პულსოქიმეტრით. მონაცემები ასევე ტექსტური შეტყობინების სახით შეგიძლიათ გაუგზავნოთ ექიმს.
>>> პირველადიჯანდაცვისრგოლისთვისგამოსადეგიმონიტორინგისსაშუალებები
- მობილური კარდიალური ტელემეტრიისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ BioTel; iRhythm; Medi-Lynx.
!!! გახსოვდეთ: თუ თქვენ ამჟამად მკურნალობთ თქვენს ქრონიკულ დაავადებებს სხვადასხვა მედიკამენტით, აუცილებლად გააგრძელეთ მათი ჩვეული, რეგულარული მიღება! კოვიდ-ინფექცია, მასთან დაკავშირებული სიმპტომები და კოვიდ-სპეციფიკური მკურნალობა არ მოითხოვს თქვენი რეგულარული წამლების მიღების შეწყვეტას, თუ ეს გადაწყვეტილება ექიმის მიერ არ იქნა მიღებული!
და ბოლოს:
ძვირფასო ბიზნესმენებო და ქველმოქმედებო, თქვენც შეგიძლიათ გადახედოთ ამ გზამკვლევს, გაეცნოთ. უაღრესად ხელმისაწვდომ ფასებში შესაძლებელია სახლში დარჩენილი სასოწარკვეთილი ადამიანებისათვის უმარტივესი, პორტატული ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების შეძენა/დონაცია. ეს აპარატები ძალიან დაეხმარება ჯანდაცვის პირველად რგოლს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტების სახლის პირობებში უსაფრთხოდ სამართავად. ზემოხსენებული საშუალებების მრავალჯერადი გამოყენებაა შესაძლებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ხელსაწყოების მიწოდება სოფლებში მცხოვრები უმწეო ადამიანებისათვის.
დიდი მადლობა გულისხმიერებისათვის!
ჩვენ უნდა ვძლიოთ პანდემიას მინიმალური დანაკარგებით!
ჩვენ ეს შეგვიძლია!
ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
Nana Gegetchkori
Zurab Guruli
P.S. ფეისბუქის ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გადაუდებელი ან ქრონიკული სამედიცინო პრობლემა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, ან თქვენს პირად ექიმს!