LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი საჯარო ფინანსების მართვაზე ყურადღების გამახვილებას გვირჩევს

102

მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ფინანსების მართვაზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს.

როგორც მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ მიულერმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მსოფლიო ბანკი ატარებს კვლევას იმის დასადგენად, თუ რა აფერხებს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას.

„მსოფლიო ბანკი და საქართველო ურთიერთობის 25 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 25 წელი ნებისმიერ ურთიერთობაში დიდი პერიოდია. მე შემიძლია დავადასტურო, რომ ძალიან დინამიკური ურთიერთობა მქონდა საქართველოსთან. როგორც ვიცე-პრემიერმა თქვა, მსოფლიო ბანკი საქართველოს 25 წელი ედგა მხარში და ინვესტიციების განხორციელება ხდებოდა. ჩვენ ვიყავით პარტნიორი საქართველოსთვის, რომ ძლიერი სახელმწიფო გამხდარიყო. ადრეულ წლებში, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, მოსახლეობას ვეკითხებოდი ქუჩაში, რას ელოდებით, სად იქნება საქართველო 10 წელიწადში? ბევრი ეჭვით უყურებდა მომავალს. ახლა, 25 წლის თავზე, ვხედავ ქუჩაში ხალხს, დამოუკიდებელ, აყვავებულ საქართველოში. ძალიან ბევრი შოკი გამოვიარეთ ერთად. როცა პირველად საქართველოში ჩამოვედი, ძალიან განსხვავებული იყო დღევანდელთან შედარებით. ჩვენთვის, მსოფლიო ბანკისთვის ყოველთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობა. როცა ვიხსენებ ამ წარმატების ისტორიას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ ის, რომ საქართველო არის ძლიერი რეფორმატორი ქვეყანა, მან 25 წლის განმავლობაში ეს დაამტკიცა. ქვეყანა ახორციელდებდა ეკონომიკის რეფორმას და ეს პროგრესი მომავალშიც უნდა გააგრძელოს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო იყო დაბალი შემოსავლის ქვეყანა, ახლა საშუალო შემოსავლის ქვეყანაა და თუ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, მაშინ საქართველო მაღალი შემოსავლის ქვეყანა გახდება. ახლა მსოფლიო ბანკი საქართველოში კვლევას ატარებს, იმისთვის რომ დადგინდეს, თუ რა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ამ კვლევის საფუძველზე ჩვენ დავადგენთ, რა არის საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოდელი. მე მინდა, პირველ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს მოვუწოდო, რომ საჯარო ფინანსების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს“, – განაცხადა მიულერმა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალი 25 წლის განმავლობაშიც საქართველოს პარტნიორად და მხარდამჭერად დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g