LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი პროგრამა არის მთლიანად გაწერილი იმ წლებზე, როცა მე უნდა ვიყო მერი – ინტერვიუ ზალიკო უდუმაშვილთან

ყოფილი ტელეწამყვანია და ეს მისი პირველი პოლიტიკური ორთაბრძოლაა. ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილის, მთავარი დაპირება არის ის, რომ, როგორც თავად ამბობს, პროგრამაში გაწერილი ყველა პუნქტი ანიდან ჰოემდე აუცილებლად შესრულდება. გამარჯვების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს ყოველთვიურად 50-ლარიან დახმარებას დაურიგებს, იპოდრომს ცენტრალპარკად აქცევს და მერობის პირველი სამი თვე იმ მოქალაქეებს შეხვდება, ვისგანაც წინასაარჩევნო კამპანიისას პრობლემებს ისმენდა.  

მერობის გეგმებსა და საარჩევნო დაპირებებზე „ფორტუნა“ ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა:

 

  • რა არის თქვენი უპირატესობა,  რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თბილისის მოსახლეობამ თქვენზე?    

ზალიკო უდუმაშვილი: ჩემი პროგრამა არის მთლიანად გაწერილი იმ წლებზე, როცა მე უნდა ვიყო მერი. ანუ ეს არის ძალიან რეალისტური პროგრამა, რომელიც არ არის გათვლილი შორეულ მომავალზე. მაგალითისთვის, ე.წ. „ხრუშოვკების“ ჩანაცვლება არის პროგრამა, რომელსაც შეიძლება, დასჭირდეს 20 ან 30 წელი, ამიტომ მე არ ვწერ ასეთ რამეს პროგრამაში, რომელსაც შეიძლება მე ვერ მოვერიო და  გახდეს ბევრი ადამიანის გასაკეთებელი ჩემს შემდეგ. ჩემი პროგრამა არის  ძალიან რეალისტური, რომელიც არის განხორციელებადი უახლოეს წლებში.

 

ჩემი საყვარელი ქალაქია ნიუ-იორკი, მაგრამ  მინდა, რომ თბილისი რომს ჰგავდეს, თავისი ისტორიიდან გამომდინარე, თავისი მიდგომით ისტორიის მიმართ.

 

  • რა არის თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება?  

 

ზალიკო უდუმაშვილი: მთავარი დაპირება არის ის, რომ ყველა პუნქტი ანიდან ჰოემდე, რომელიც მიწერია პროგრამაში, აუცილებლად შესრულდება.

 

ჩემი მთავარი კონკურენტი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კანდიდატია.

 

  • როგორ აპირებთ ამ დაპირების შესრულებას და რა ვადაში?   

ზალიკო უდუმაშვილი: არსებობს პროექტები, რომელსაც შეიძლება, დასჭირდეს 2-3 წელი. სოციალურად დაუცველებისთვის 50-ლარიანი დახმარების გაცემას, რომელსაც მე ვგეგმავ, არ დასჭირდება დიდი პერიოდი, მხოლოდ დამტკიცება და ამის გაცემა ორ თვეში დაიწყება.

სხვა საკითხია ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ესტაკადები, ხიდები გვირაბები, იგივე ცენტრალპარკი. მაგალითად, იპოდრომის ტერიტორიის ცენტრალპარკად ქცევას დასჭირდება 1,5 წელი. ამდენივე დასჭირდება გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

 

არ გამოვრიცხავ არავისთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, პროდასავლურ კანდიდატებთან.

 

  • რას მიიჩნევთ დღეს  თბილისისთვის მთავარ პრობლემად ან პრობლემებად?

 

ზალიკო უდუმაშვილი:  თბილისელებისთვის მთავარ პრობლემებში ყოველთვის ლიდერობს სოციალური პრობლემები, 10 წლის წინაც ასე იყო და ახლაც ასეა. მათ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ ეკოლოგია. ამის გადაჭრის გზები არსებობს, უბრალოდ, გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ეკოლოგიას მხოლოდ მწვანე საფარის აღდგენით ვერ ვუშველით, უნდა გადაწყდეს საცობების პრობლემა,  უნდა გადაწყდეს მშენებლობების პრობლემა.

 

თბილისი უნდა გავხადოთ შშმ პირებისთვის ადაპტირებული ქალაქი.

 

  • როგორ და რა ვადაში  მოაგვარებთ ამ პრობლემებს? 

 

ზალიკო უდუმაშვილი: დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებით, იგივე შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალაქისთვის. ამის გარდა, ვგეგმავ, რომ მტკვარზე სამი ახალი საავტომობილო ხიდი უნდა აშენდეს, რაც ცენტრს კიდევ უფრო განტვირთავს.  რამდენიმე გვირაბია გასაკეთებელი მოძრაობის განსატვირთად, რომ საცობებისგან გავათავისუფლოთ ქალაქი. ასევე, უნდა შედგეს ქალაქის სატრანსპორტო გეგმა, რაც დღეს არ გაგვაჩნია. საცობი არის დღეს  ჩვენი ჰაერის მთავარი მტერი, რადგან ყველაზე მეტი გამონაბოლქვი გამოიყოფა საცობის დროს. კიდევ ერთი საკითხი – მშენებლობები მიმდინარეობს ყოველგვარი ნორმების გარეშე. ბადეები იმიტომ კი არაა საჭირო, თავში რაღაც რომ არ დაგეცეს, არამედ იმიტომ, რომ მტვერი არ გამოვიდეს ქარის დროს. თუმცა, ესაც კი  არაა დაცული.

 

სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც ასევე მერია დაუფინანსებს სწავლას. ყველა წარჩინებულ სტუდენტს აუცილებლად დავუფინანსებ  სწავლას უცხოეთში, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ბიუჯეტს.

 

  • თქვენი არჩევის შემთხვევაში როგორი იქნება მერიის საქმიანობა, რა კონკრეტულ აქტივობებს გეგმავთ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის?

ზალიკო  უდუმაშვილი: ვინაიდან, მაინც ყოფილი ჟურნალისტი ვარ, ჩემთვის ყოველთვის მტკივნეული თემა იყო, ხელისუფლებაში წასვლის შემდეგ რომ აღარ გელაპარაკებიან რესპოდენტები. რა პრობლემაა, მითუმეტეს, როცა არჩეული მერი ხარ. არ ვამბობ, რომ 24 საათი ვიჯდები და მოქალაქეების მიღებაში ვიქნები, ამას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ სხვა საქმეც უნდა ვაკეთო. გეგმაში მაქვს ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ამ სამი თვის განმავლობაში სადაც ვიყავი, პირველი სამი თვე სწორედ იქ მივალ, ადგილზე რომ მოვაგვარო ეს პრობლემები. მერი ძირითადად ხალხში უნდა იყოს.

 

ვინაიდან, მაინც ყოფილი ჟურნალისტი ვარ, ჩემთვის ყოველთვის მტკივნეული თემა იყო, ხელისუფლებაში წასვლის შემდეგ რომ აღარ გელაპარაკებიან რესპონდენტები.

 

  • დღეს თბილისისთვის რაც ყველაზე თვალშისაცემია, არის ტრანსპორტი – პარკირება და საცობები, გამწვანება და უნებართვო მშენებლობები. თვლით თუ არა მთავარ პრობლემად და როგორ მოაგვარებთ?  კონკრეტული გეგმა გაქვთ თუ არ შემუშავებული და რა  ვადაში აპირებთ ამის შესრულებას?     

 

ზალიკო უდუმაშვილი: „სითი პარკი“, მართლაც, დიდ პრობლემად იქცა თბილისელებისთვის. იმიტომ კი არა, რომ სადაც გვინდა, იქ უნდა გავაჩეროთ.  წესრიგი უნდა დავიცვათ, პარკირების ადგილას უნდა გავაჩეროთ, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ადგილი. „სითი პარკთან“ რომელი ხელშეკრულებაც იქნა დადებული, არ შეიძლებოდა,  დადებულიყო.  ამიტომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება ცალმხრივად უნდა გაწყდეს. თუ ხელშეკრულებას გავწყვეტთ, მოგვიწევს თანხის გადახდაც, ამას ვერ გაექცევი, მაგრამ ვფიქრობ,  მერია და თბილისის ბიუჯეტი არ უნდა იყოს ამ თანხის გადამხდელი. ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ კომპანიას, რომელიც შემოვა, რომელიც გადაიხდის ამ ჯარიმას, სამაგიეროდ ოპერირებისთვის შეღავათიან პირობებს მიიღებს.

 

ჩემი პროგრამა არის მთლიანად გაწერილი იმ წლებზე, როცა მე უნდა ვიყო მერი. ანუ, არის ძალიან რეალისტური.

 

  • როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა, რას გეგმავთ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისთვის?

ზალიკო უდუმაშვილი: თბილისი უნდა გავხადოთ შშმ პირებისთვის ადაპტირებული ქალაქი. ახლა შემოიყვანეს ახალი ავტობუსები, რაც კარგია, აქვს პანდუსები, თუმცა გაჩერებები არაა ადაპტირებული და შშმ პირები მაინც ვერ სარგებლობენ. ყველა წარჩინებულ სტუდენტს აუცილებლად დავუფინანსებ  სწავლას უცხოეთში, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ბიუჯეტს. სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც ასევე მერია დაუფინანსებს სწავლას.

 

მე არ ვწერ ასეთ რამეს პროგრამაში, რომელსაც შეიძლება მე ვერ მოვერიო და  გახდეს ბევრი ადამიანის გასაკეთებელი ჩემს შემდეგ.

 

  • თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, დანარჩენ კანდიდატებს შესთავაზებთ თუ არა თანამშრომლობას  და  პირველ რიგში, რომელს? ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?  

 

 

ზალიკო უდუმაშვილი: ჩემი მთავარი კონკურენტი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კანდიდატია. არ გამოვრიცხავ არავისთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, პროდასავლურ კანდიდატებთან.

 

 

ვგეგმავ, რომ მტკვარზე სამი ახალი საავტომობილო ხიდი უნდა აშენდეს. რამდენიმე გვირაბია გასაკეთებელი მოძრაობის განსატვირთად, რომ საცობებისგან გავათავისუფლოთ ქალაქი.

 

  • მსოფლიოში თქვენი  საყვარელი ქალაქი რომელია (თბილისის გარდა)? რატომ, რა ნიშნით გამოარჩიეთ და თუ გეგმავთ, რომ თბილისი მას დაემსგავსოს?

ზალიკო უდუმაშვილი: ჩემი ერთ-ერთი საყვარელი  ქალაქია ნიუ იორკი. თუმცა, რომ გითხრათ, მინდა, ჰგავდეს თბილისს – არა! აბსოლუტურად  სხვადასხვა ქალაქია. ვერასდროს დაემსგავსება თბილისი ნიუ იორკს. მე  უფრო მინდა, რომ თბილისი რომს ჰგავდეს, თავისი ისტორიიდან გამომდინარე, თავისი მიდგომით ისტორიის მიმართ.

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g