,,მოთვინიერება” (Taming the Garden) სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგება 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმის მეორე ჩვენება დაგეგმილია 2 თებერვალს.
,,მოთვინიერება” წარმოდგენილია კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition).
სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტორო კინოს უდიდესი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 40 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. მისი ისტორია 1978 წელს იწყება, როდესაც ფესტივალი ცნობილი ამერიკელი მსახიობის – რობერტ რედფორდის კომპანიამ დააარსა. წლების განმავლობაში სანდენსის კინოფესტივალმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც პლატფორმამ, რომელიც მსოფლიოს გამორჩეულ დამოუკიდებელ ფილმებს აცნობს. ასევე, სანდენსს უკავშირდება არაერთი გამორჩეული რეჟისორის, ოპერატორისა თუ კინოვარსკვლავის აღმოჩენა.
ფესტივალის ორგანიზატორები წელს მაყურებელს სრულიად გამორჩეულ თავგადასავალს ჰპირდებიან. კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა შერეული ფორმატით გაიმართება (როგორც ონლაინ, ასევე რეალური დასწრებით). სანდენსის კინოფესტივალის 2020 წლის გამოშვება უმასპინძლებს 72 სრულმატრაჟიანი ფილმის ჩვენებას 29 ქვეყნიდან.