ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა. ბაზიდან გაუჩინარებულ ჯარისკაცზე საგანგებო განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ.
უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
„საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით. 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით”, – აცხადებენ უწყებაში.
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებული ჯარისკაცი 35 წლის იყო. ბაზიდან მას პირადი ნივთებიც კი არ წაუღია.
მას ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. მათი თქმით, საქმეში ჩართულია როგორც სამხედრო ასევე კრიმინალური პოლიცია.
ჯარისკაცი სოფელ ფლავიდანაა, ოჯახი ამბობს, ჯარისკაცი ბაზაზე 28 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
„ვაზიანში ვიყავით ბაზაზე, ერთადერთი რაც იყო გვაჩვენეს ფოტო, რომელიც კამერებმა დააფიქსირე, ფოტო 21 რიცხვით თარიღდება. არაფერი არ იციან, როგორც ჩვენ ვეძებთ ისინიც ისე ეძებენ. ცოტა საეჭვოა, რატომ დატოვა ბაზაზე ტელეფონი, ვრეკავდით 2 დღის განმავლობაში“, – ამბობს დაკრგულის ძმა.