თბილისის მერი უფლებამოსილების შესრულებას, მაქსიმუმ, 20 ნოემბერს ან 15 დეკემბერს დაიწყებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, გაიმართება თუ არა არჩევნების მეორე ტური.
ამასთან, ეს არის ბოლო ვადები და, ცხადია, არსებობს დიდი ალბათობა, რომ გამარჯვებულ მერს კაბინეტის დაკავება მანამდეც მოუწიოს.
ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ როდის გამოაცხადებს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში.
„საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, პირველი ტურის საბოლოო შედეგები არჩევნების დღიდან, მაქსიმუმ, 19 დღეში ცხადდება. ანუ, 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები, მაქსიმუმ, 9 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.
არჩევნების გამოცხადებიდან, მაქსიმუმ, მე-11 დღეს კი მერი კაბინეტს იკავებს და ძველ მერს უფლებამოსილება უწყდება. ანუ, გამარჯვებული კანდიდატი ნარმანიას კაბინეტს, მაქსიმუმ, 20 ნოემბერს დაიკავებს.
თუკი მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, მეორე ტურის კონკრეტული თარიღიც შედეგების საბოლოო გამოცხადების დღეს განისაზღვრება. მეორე ტური უნდა გაიმართოს, მაქსიმუმ, 25 დღეში. ანუ, თუ პირველი ტურის შედეგები 9 ნოემბერს გამოცხადდება და დაინიშნება მეორე ტური, უნდა გაიმართოს , მაქსიმუმ, 15 ნოემბერს.
შედეგების გამოცხადების მაქსიმალური ვადა ამ შემთხვევაშიც 19 დღეა და შედეგები მაქსიმუმ 4 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს. მერი კი კაბინეტს , მაქსიმუმ, 15 დეკემბერს დაიკავებს.