გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა.
„ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს, ეს არის ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები. სამრეწველო საწარმოებიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, სამინისტრომ მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საწარმოების სათანადო ფილტრაციის სისტემებით აღჭურვას და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ახალი რეგულაციების შემოღება უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრმა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ბიზნესასოციაციის წევრებს საქმიანობის ის სფეროები გააცნეს, რომლებზეც ახალი რეგულაციები გავრცელდება. ამასთან, განიხილეს ფილტრაციის სისტემის უქონლობის შემთხვევაში გათვალისწინებული გამკაცრებული საჯარიმო სანქციების პაკეტი, რომელსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება. ახალი მოთხოვნები ძალაში მიმდინარე წლის ივნისიდან უნდა შევიდეს.
შეხვედრაზე, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ასოციაციასთან.