LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-მილანი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

მალპენსას აეროპორტი – მილანის ყველაზე მსხვილი ავიაკვანძია და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი.

2008 წლამდე აეროპორტი ავიაკომპანია Alitalia-ის ძირითადი ჰაბი იყო. მას შემდეგ, რაც ის რომში გადავიდა, მალპენსამ სარეკლამო კამპანია გააჩაღა, რამაც 34 ახალი სამგზავრო და სატვირთო რეისები მოიზიდა.

მილანის აერპორტი ორი ტერმინალისგან შედგება – Т1 და Т2.

ტერმინალი 1 – სამ ზონად არის დაყოფილი 1А, 1В და 1С. 1А შიდა და შენგენის ზონის რეისებისთვისაა, 1В და 1С – არაშენგენის ზონის და ტრანსკონტინენტალური რეისებისთვის.

ტერმინალი 2. განკუთვნილია უშუალოდ ბიუჯეტური EasyJet რეისებისთვის.

შენიშვნა: ტექსტში ლურჯი ფერით მონიშნული სიტყვები შეიცავს ფოტომასალას

 

მომსახურება

მალპენსას აეროპორტში უამრავი მაღაზია და 30-ზე მეტი საკვები ობიექტია. მოკლედ არჩევანიც დიდია და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოც. აეროპორტში არის უფასო Wi-Fi.

მოწევა

მალპენსაში მოწევა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ოთახი/ადგილები მდებარეობს სტერილურ ზონებში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ქუჩაში Т1 და Т2 შესასვლელის სიახლოვეს, სადაც მოწყობილია სპეციალური ურნები.

 

 

Tax Free

აეროპორტში გახსნილია ტაქს-ფრის რამდენიმე პუნქტი. Global Blue-ს პუნქტები В გაფრენის ზონაშია. სამუშაო საათები 7:00-დან 23:30-მდე და მე-2 სართულზე 4:30-დან 23:30-მდე.
ტერმინალ 1-ში მიაკითხეთ Maccorp Forexchange-ს გაფრენის ზონაში: ორშაბათი-პარასკევი და კვირა – 6:00-21:30, შაბათი – 6:00-დან 19:00-მდე.

 

 

მილანის ცენტრამდე მისვლა შეგიძლიათ
მატარებლით, ავტობუსით ან ტაქსით.

 

მატარებელი

ტერმინალ 1-დან დადის მალპენსა-ექსპრესი. ამით მიხვალთ სადგურ Cadorna-ზე მილანის ცენტრში. გზას 40-45 წუთი უნდა, ინტერვალი – 30 წუთია. მგზავრობის საფასური – 12 ევრო.

ბილეთები აუცილებლად უნდა დააკომპოსტიროთ სპეციალურ ყვითელ აპარატში.

მატარებელი თითქმის მთელი დღე და ღამე დადის კვირის შვიდივე დღეს. უბრალოდ ყოველდღიურად მცირე შესვენება აქვთ – 1:30 და 5:30 სთ.

ბილეთის შეძენა შესაძლებელია სადგურის სალაროებში. ერთადერთი ისაა, რომ სალარო მუშაობს დილის 5:30-დან 00:20-მდე სამუშაო დღეებში და უფრო შემცირებულად დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე.
თუ თქვენი ჩასვლისას სალარო დაკეტილი იყო, მაშინ ავტომატის მეშვეობით შეიძინეთ ბილეთი.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მალპენსა-ექსპრესი მილანის რამდენიმე სადგურამდე მიდის. ამიტომ ყოველთვის აქვს აზრი გადაამოწმოთ, მიდის თუ არა მატარებელი იქ, სადაც თქვენ გინდათ.

 

ავტობუსი

მილანამდე ავტობუსითაც მიხვალთ. ბოლო გაჩერება ცენტრალური რკინიგზის სადგურია (Centrale). მოძრაობის ინტერვალი – 20 წუთი, გზა – დაახლოებით 50-60 წუთი. ბილეთის ღირებულება – 8-10 ევრო.

უშუალოდ მილანში ავტობუსის რამდენიმე მარშრუტია.

ყველაზე მოსახერხებლად მიიჩნევა კომპანია Terravision-ის ავტობუსები. ონლაინ-დაჯავშნის შემთხვევაში ბილეთი ერთი მიმართულებით 8 ევროა, 5-დან 12 წლამდე ბავშვისთვის – 5 ევრო (5 წლამდე უფასოა). ასე რომ, ავტობუსით წასვლა მატარებელზე იაფი გამოდის.

ავტობუსები დგას ტერმინალ 1 და 2-ის გასასვლელებთან (მიდიან რკ სადგურამდე).

პირველი რეისი დილის 5:05-ზე გადის, ბოლო – 00:10-ზე.
ქალაქიდან აეროპორტში წასვლისას პირველი რეისი რკინიგზის ცენტრალიდან დილის 3:50-ზე გავა, ბოლო – 21:55-ზე.

ბილეთის შეძენა წინასწარ შეიძლება ორივე მიმართულებით. „წინ და უკან“ ბილეთის ერთად ყიდვისას 14 ევრო დაგიჯდებათ (16-ის ნაცვლად).

 

ასევე ავტობუსები დადიან მალპენსადან ლინატეს აეროპორტამდეც – 13 ევრო.

Sadem ავტობუსით შეგიძლიათ ტურინში ჩახვიდეთ. გზა – 2 სთ, ფასი – 18 ევრო.
Orio Shuttle ავტობუსი მიგიყვანთ ბერგამომდე. გზა – 1 სთ 20 წთ, ბილეთი – 18 ევრო.

ასე დაახლოებით 20 ქალაქის მიმართულებით დადის ავტობუსი.

 

 

თამუნა, ქართველი მოგზაური:
„მილანის აეროპორტში ჩასვლისას flixbus გამოვიყენე. საქმე ისაა, რომ მილანიდან ბოლონიაში უნდა გადავსულიყავი. ამისთვის ქალაქში გასვლა ნამდვილად არ დამჭირვებია და სულ რაღაც 18 ევროდ აეროპორტიდან პირდაპირ ბოლონიის ცენტრალურ სადგურზე მოვხვდი. ავტობუსი დათქმულ დროზე, ერთი წამის დაუგვიანებლად მოვიდა და დანიშნულების ადგილზე ძალიან კომფორტულად ჩამიყვანა.
რაც შეეხება უკანა გზას, მილანის აეროპორტში მილანის ცენტრალური სადგურიდან წავედი. სამგზავრო ბილეთიც იქვე ვიყიდე. არჩევანი ამჯერადაც ავტობუსზე შევაჩერე, რადგან მატარებელზე და ტაქსზე უფრო იაფი, მხოლოდ 8 ევრო ღირდა. ავტობუსი wifi-ით იყო აღჭურვილი და აეროპორტამდე მისასვლელად საჭირო 1 საათი ძალიან სწრაფად გავიდა. აუცილებლად უნდა დავამატო, რომ ავტობუსი ამ შემთხვევაშიც დროულად გავიდა და დანიშნულების ადგილზე დათქმულ დროზე ჩავიდა. თბილისისგან განსხვავებით გზად საცობებსაც არ შევუწუხებივარ.“

 

მილანის მეტრო

 

 

ტაქსი

მალპენსა ქალაქის ცენტრიდან შორსაა – 45 კმ-ში. ტაქსი იაფი არ დაგიჯდებათ – დაახლოებით 90 ევრო.

მილანში ჯერაც არიან ტაქსისტები, რომლებიც ტურისტებზე „ხელის მოთბობაზე“ უარს არ იტყვიან. ასე რომ, მეტი სიფრთხილე არ გაწყენდათ.
მძღოლების უმრავლესობამ იტალიურის გარდა სხვა ენა არ იციან.

აი თუ ინტერნეტით შეუკვეთავთ, მაშინ რისკი თითქმის ქრება. ეს სერვისი მოგზაურებს შორის მეგაპოპულარული გახდა. ასეთ დროს არც რეისის დაგვიანება ან გადატანა არ გაღელვებთ. ტაქსის კომპანია თავად აკონტროლებს რეისებს და როცა ჩახვალთ, მაშინ დაგახვედრებთ მანქანას. ამ ლოდინისთვის კი დამატებით თანხას არ იღებენ.
ჩაფრენის ზონიდან გამოსვლისას მძღოლს თქვენი სახელის (დაჯავშნისას მითითებული) დაფა ეკავება. აცდენა თითქმის შეუძლებელია.

 

ტრანსფერი

ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტრანსფერია.
წინასწარ უნდა შეარჩიოთ ავტომობილი (კლასისა და ტევადობის მიხედვით), მძღოლი აეროპორტში დაგხვდებათ. დაჯავშნისას მითითებული ფასი ფიქსირებული იქნება.

 

ავტომობილის იჯარა აეროპორტში

მილანის აეროპორტში ყველა ძირითადი საერთშორისო კომპანიებია წარმოდგენილი. თუ უშუალოდ მილანში მიდიხართ, მაშინ ავტომანქანის ქირაობას აზრი არ აქვს. აი თუ მაგალითდ, ვენეციაში აპირებთ გამგზავრებას და თან მარტო არ ხართ, მაშინ…

ავტომობილს აეროპორტშივე იქირავებთ ან წინასწარ ინტერნეტით.
ყველაზე იაფი ვარიანტი დაახლოებით 15 ევროა დღეში.

 

ორი სიტყვით მილანზე

მილანი – ლომბარდიის დედაქალაქია, იტალიის ეკონომიკური ცენტრი, ასევე ქვეყნის ყველაზე დასახლებული ქალაქი.

ალბათ შეხსენებაც არ არის საჭირო, რომ მილანი იტალიური მოდის აკვანია. შოპინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ქალაქში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების და მოდის სახლების ლამის ყველა შესაძლო ბუტიკი.

 

მილანი – თანამედროვე ქალაქია. აქ უფრო დიდი მოძრაობაა, მეტი სტილი. ბევრი თანხმდება, რომ მილანსა და იტალიას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ნიუ-იორკსა და აშშ-ს შორის. თუმცა ამავე დროს, მილანი ლამაზი, მწვანე და დამახასიათებელი ქალაქია. უბრალოდ, ბევრი სხვა იტალიური ქალაქისგან განსხვავებით, ის ტურისტების წინაშე ერთიანად არ იშლება: აქ უფრო მეტი დრო უნდა გაატაროთ, ეძებოთ, იკვლიოთ, შეისწავლოთ, დააგემოვნოთ…

სახელგანთქმული დუომო, ლა სკალა, ვიტორიო ემანუელეს გალერეა, დიდებული სასახლეები და ეკლესიები, შესანიშნავი მაღაზიები, მადისაღმძვრელი კაფეები და საკონდიტროები. მოკლედ, ნაცრისფერ, წვიმიან და ნისლიან მილანსაც შეუძლია თავი შეგაყვაროთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები