LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩავანაცვლოთ იმპორტირებული რძე – „იმპორტის გარეშე ხალხი მშიერი დარჩებოდა”

270

რა პოტენციალი აქვს საქართველოში მესაქონლეობას და როგორ ჩავანაცვლოთ იმპორტირებული რძე?– ეს ის საკითხებია, რომლებზეც ”ფორტუნა” შპს ”ნიბა 2008”-ის დამფუძნებელსა და დირექტორს ესაუბრა.

როგორც ბაკურ ეჯიბაშვილი ამბობს, ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარებას ხელს საჭირო რაოდენობის ფერმების არქონა უშლის.

”მოგეხსენებათ, ქართულ სოფლებში მსხვილი რქოსანი საქონელი ყველას ჰყავს, თუმცა ეს საკმარისი არ არის ნედლი რძის წარმოების განვითარებისთვის. ეს საქონელი ზამთრის პერიოდში ნაყოფის მომცემი არ არის, ამიტომ გლეხი ელოდება გაზაფხულსა და ზაფხულს, როცა გარემო მწვანდება და საკმარისი ბალახია, იმისთვის, რომ საქონელმა რძის მოცემა კვლავ დაიწყოს. ფაქტობრივად, დარგის განვითარება  სეზონზეა დამოკიდებული. ეს ასე რომ აღარ იყოს, საჭიროა ყველა რეგიონში ფერმების მოწყობა, სადაც სასათბურე პირობებში ძროხები მთელი წლის განმავლობაში იძლევიან რძეს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ფერმების მოწყობა ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 4-5 ფერმა თუ არსებობს. აქამდე ეს დარგი მიტოვებული იყო”, – ამბობს ბაკურ ეჯიბაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ფერმების არარსებობა იწვევს რძის სიმცირესაც.

”ნედლი რძე იმდენად მცირე რაოდენობით იწარმოება, რომ ბაზრის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ხდება მშრალი რძის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან და 90% სწორედ რომ იმპორტირებული რძე იყიდება ჩვენს ქვეყანაში. იმპორტი რომ არ ხორციელდებოდეს, ხალხი ამ პროდუქციის გარეშე, ფაქტობრივად, მშიერი დარჩებოდა. უბრალოდ, მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებს”, – განმარტავს შპს ”ნიბა 2008”-ის დამფუძნებელი.

რაც შეეხება დარგის პერსპექტივებს, როგორც ბაკურ ეჯიბაშვილი ამბობს, საქართველოს აქვს რესურსი, რომ ადგილზე წარმოებული რძით სრულად უზრუნველყოს ადგილობრივი ბაზარი. ამისთვის კი ფერმერების მხრიდან მესაქონლეობით დაინტერესება და ბევრი ფერმის მოწყობაა საჭირო.

ცნობისთვის, შპს ”ნიბა 2008”-ის ფერმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმისში მდებარეობს. ფერმა წელიწად-ნახევარია ფუნქციონირებს და ის აღჭურვილია გერმანული ტექნოლოგიებით, ჰყავს 200-ამდე სული ჰოლანდიური ძროხა, რომლებიც თვეში 100 ტონამდე რძეს იძლევიან.

ამ ეტაპზე შპს ”ნიბა 2008” მონაწილეობს ”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოებაში #გააზიარეწარმატება. კომპანია ერთ-ერთი ფინალისტია ნომინაციაში ”წლის აგრობიზნესი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g