„ქართული ოცნების“ პოზიცია ნიკა მელიასთან დაკავშირებით რჩება უცვლელი, მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა დაემორჩილოს კანონს. თუ რა გეგმები აქვს შექმნილ ვითარებაში მელიას გუნდს, ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.
ხვედელიანი განმარტავს, რას ნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ დაბრუნება.
„დაახლოებით 3 კვირის წინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაინახა, რომ ქვეყანაში დღითიდღე მძიმდებოდა პოლიტიკური კრიზისი. შექმნა ახალი პლატფორმა და პარტიის განახლება დაიწყო. შეიძინა ახალი იდეა, რომლის მთავარი მიზანი იყო, შექმნილიყო გამაერთიანებელი პლატფორმა, სადაც სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანებს შესაძლებლობა ექნებოდათ, ემუშავათ ქვეყნის პრობლემებზე. დავიწყეთ ეს პროცესი და ძალიან მალე გააცოცხლეს ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე.
ნიკა მელიას დააკისრეს შეიძლება ითქვას, გირაოს გირაო. კიდევ უფრო დაამძიმეს პოლიტიკური კრიზისი, პარლამენტმა შეუწყვიტა სადეპუტატო მანდატი. გუშინ გუნდში გაიმარჯვა საღმა აზრმა და პარტიის ოფისი შტურმით არ აიღეს. როგორც აღმოჩნდა, ეს მოხდა გახარიას გამო. პრემიერი გახარია წავიდა თანამდებობიდან და მოიყვანეს ღარიბაშვილი.
რითიც მან პრემიერობისას თავი დაგვამახსოვრა, არის სიძულვილის ენა, არის აგრესია, პოლიტიკური ბოღმა. ჩვენ არ გვახსოვს მისი გაკეთებული არანაირი მნიშვნელოვანი საქმე.
ის არაა პოლიტიკურად დამოუკიდებელი ფიგურა. ის შესამჩნევად დამოკიდებული იყო ბიძინა ივანიშვილზე, მის განწყობასა და მის ხასიათზე.
გამოირჩოდა იმით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ იყო ძალიან აგრესიულად განწყობილი. აქედან გამომდინარე გასაგებია, რას გგმავს „ქართული ოცნება“. მან პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაიტანა სოციალური პრობლემები.
ცალსახად გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი რა ტიპის პრემიერ-მინისტრი იყო, როგორი ადამიანი და როგორი პოლიტიკოსია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მისი პრემიერად ხელმეორედ არჩევა იმის გარანტია იქნება, რომ კიდევ უფრო სწრაფად ჩატარდება ამ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – აცხადებს ხვედელიანი.
კითხვაზე, რა გავლენას იქონიებს მელიას საქმეზე პრემიერ მინისტრის შეცვლა, მელიას თანაგუნდელი პასუხობს:
„მელიამ თავიდანვე თქვა, გირაოს არ გადავიხდი და ვერც დამიჭერთო. ჟურნალისტები მუდმივად კითხულობდნენ, რა არის თქვენი გეგმაო. ის კი ყოველთვის პასუხობდა, მაქვს პოზიცია, რომ რელიც არის მართალი მორალურად, სამართლებრივად და პოლიტიკურად. ვდებ ფსონს ამ სიმართლეზე და ეს თავის შედეგს მოიტანსო. სწორედ ამ შედეგის მომსწრე ვართ, რომ დღეს მელია ვერ დააკავეს და დღეს რასაც ვუყურეთ, ცალსახაა, რომ მას ვერ მომავალში დააკავებენ“.- ამბობს ხვედელიანი.