LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას წასვლა შეიძლება მისთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც ჩვენთვის – ბოჟაძე

326
გახ ბოჯ

რას ნიშნავს, მოცემულობა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას ტოვებს, იმის გამო, რომ  გუნდში გარკვეულ კონსესუსს, შეთანხმებას ვერ მიაღწია ნიკა მელიას გამო, ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა..

„ქართული ოცნების“ დეპუტატები  საუბრობენ, რომ უთანხმოება არა უშუალოდ გადაწყვეტილებასთან, არამედ აღსრულების ვადებთან დაკავშირებით გაჩნდა. ანალიტიკოსი „კვირის თემაში“ განმარტავს, რა მოხდა რეალურად ქართულ პოლიტიკაში.

„რა თქმა უნდა, სასამართლო გადაწყვეტილება პოლიტიკური გუნდის განხილვის საგანი ვერ  გახდებოდა. ეს გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. აქ საუბარია აღსრულების ნაწილზე. იცით, რომ კანონმდებლობა  გარკვეულ ვადებს ამ თვალსაზრისით არ ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობასა“ და ოპოზიციურ ძალებს მაქსიმალურად სურდათ დესტაბილოზაციის მოწყობა, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ისინი ღიად საუბრობდნენ მსხვერპლზე, დაპირისპირებაზე და ა.შ. ამ ყველაფრისთვის თავის არიდების მიზნით გადადგა გახარია. თუმცა ეს მოულოდნელი იყო, როგორც ჩვენთვის, შეიძლება მისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რა მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

თუ ის აპირებდა გადადგომას, შეეძლო, მანამდე გამოეხატა  პოზიცია. მისულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ესაუბრა ოპოზიციასთან, ეთქვა, რომ სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას ვერ დატოვებდა აღუსრულებლად.

წარმოიდგინეთ, საუბარია იმაზე, რომ სახელისუფლო ერთი შტოს ხელმძღვანელი მეორე სახელისუფლებო შტოს გადაწყვეტილებას და მის აღსრულებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი რამ სრულიად წარმოუდგენელი იყო.

კი ბატონო, დავლოდებოდით აღსრულებას და დავლოდებოდით, რა პროვოკაციაზე წავიდოდა „ნაციონალური მოძრაობა“  და თუნდაც დანარჩენი ოპოზიცია და მერე აეღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ახლა ყველა საუბრობს, რომ თითქოს ჩვენ სამოქალაქო ომის ზღვარზე ვართ“.-ამბობს „კვირის თემასთან“ ლადო ბოჟაძე.

ბოჟაძე ამბობს, რომ მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას შეეწირა გახარიას თანამდებობა.

„უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებოდა პირველი ნოემბრისთვის და არა 31 ოქტომბრისთვის. სწორდ 1 ნოემბერს მოიხსნა ნიკა მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად.  მერე, როდესაც არ გამოვიდა არჩევნების გაყალბების სცენარით რევოლუცია, ჩაირთო სხვა მექანიზმი. სწორედ  დღევანდელი მოვლენების მიზეზებისთვის გახდა ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე, რომ მერე ყველას ეთქვა, რომ ის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა. 

არადა მანამდე იცით, რომ ნიკა მელიამ გირაოც გადაიხადა, სამაჯურიც გაიკეთა და მართლმსაჯულების სისტემას ემორჩილებოდა. ნიკა მელიასთვის რა შეიცვალა? თუ ის მანამდე ემორჩილებოდა მართლმსაჯულებას, მერე რატომ გადაიფიქრა? პირველ ნოემბერს მათ უნდოდათ ტემპერატურის აწევა, ვერ აწიეს და ახლა სხვა სცენარით მიდიან. სამწუხაროდ ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პროვოკაციას შეწირა გიორგი გახარიამ საკუთარი თანამდებოდა“.- აცხადებს ლადო ბოჟაძე.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი იყო მანამდე ქვეყნის პრემიერ- მინისტრი და ამიტომ საგარეო და საშინაო კუთხითაც „ქართული ოცნების“ მხრიდან პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელება იყო ყველაზე ოპტიმალური და სწორი გადაწყვეტილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g