“ის, რომ “ქართულ ოცნებაში” რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს.” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი და ამბობს, რომ პოლიტიკაში მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
როგორც უდუმაშვილი ამბობს, სამთავრობო გუნდში განხორციელებული ცვლილებები ქვეყანაში არსებულ რეალობას ვერ შეცვლის, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის ხელახალი დანიშვნა პრემიერის თანამდებობაზე, არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყნის სათავეში მისი ბრძანებების შემსრულებელი დანიშნა:
“ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პრემიერობაზე მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მისი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი დაეყენებინა სათავეში.
ის, რაც ვერ, ან არ გააკეთა ყოფილმა პრემიერმა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილებები მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ “ქართულ ოცნებაში” რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს.” – თქვა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა.
გუშინვე, პრემიერობის ახალ კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდეც იკავებდა.
