საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად გლობალური პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც, საქართველოში გატარებულ რეფორმებს და რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას ენდობიან.
მისივე თქმით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზეა, რაც საქართველოს პანდემიის დაწყებამდეც ჰქონდა. თურნავას განცხადებით, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს, ძველი რეიტინგი შეინარჩუნოს.
“კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე. ეს რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა. მანამდე, Fitch – ის სარეიტინგო სააგენტომაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და რეიტინგი შეუნარჩუნა საქართველოს. მთავარი, რაც აღნიშნულია ანგარიშში, ისაა, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი და ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია, რაც აამაღლებს საქართველოს, მისი საინვესტიციო გარემოსა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო ნდობას,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.