“ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანის აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ვითარების დეესკალაციის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს იზიარებს. წილოსანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა.
“თითოეული ასეთი განცხადების სულისკვეთება იყო დეესკალაცია და იმ ტემპერატურის დაწევა, რომელიც ოპოზიციის მაქსიმალური რადიკალიზების სურვილიდან გამომდინარე მივიღეთ. ამიტომ, ჩვენ ვიზიარებთ ამ დეესკალაციის თხოვნას. ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით, ყველაფერს ვაკეთებთ”,- განაცხადა წილოსანმა.
მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისსაქართველოში ვიზიტი უმნიშვნელოვანესია. წილოსანი იმედოვნებს, რომ დიალოგი დროულად დაიწყება.
“როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ჩვენ შეთავაზებების ფარგლებში შეგვიძლია მუდმივი, რეალური დიალოგის რეჟიმი გავაგრძელოთ ოპოზიციასთან. იმედი მაქვს, ის მოცემულობა, რაც ოპოზიციის ძალისხმევით მივიღეთ ქვეყანაში, მაქსიმალურად დროულად აღმოიფხვრება”,-განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი იმყოფება, რომელმაც შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ოპოზიციური პარტიების ლირედებთან. ასევე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, მიშელის ვიზიტი ქვეყანაში ხვალ დასრულდება.