ბაკურიანში სქი-ქროსისა და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა. შეჯიბრებებში 20-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სპორტმენმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებებს საქართველოს სამთო კურორტმა პირველად უმასპინძლა, შესაბამისად, ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
„ქვეყნის პოზიციონირება მოხდა, საქართველომ მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო, 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. ჩვენ მზად დავხვდით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. რეკორდულად მოკლე დროში სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, გათოვლიანების სისტემა, შევიძინეთ სპეტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. ის ინფრასტრუქტურა კი რომელიც აშენდა რჩება კურორტს, შესაბამისად, ბაკურიანი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში. 24 საათიანი შრომის შედეგად მსოფლიო თასის ეტაპებს მომზადებულები დავხვდით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებისგან კი მაღალი შეფასებებიც დავიმსახურეთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ“, – განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძემ.
სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის ზუკა კოსტავას განცხადებით, საქართველო იმ დიდ ინდუსტრიას უერთდება, რასაც ზამთრის სპორტის განვითარება ჰქვია.
„მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია სატესტო შეჯიბრებების ჩატარება სხვადასხვა დისციპლინებში მსოფლიო თასის ეტაპების სახით, დიდი შრომისა და მონდომების შედეგად ჩვენ ეს გამოგვივიდა პანდემიის პირობებშიც კი. მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში გაუქმნდა ძალიან ბევრი ზამთრის ღონისძიება, ჩვენ ოთხი მსოფლიო თასის ეტაპი ჩავატარეთ და თან ღირსეულად. კმაყოფილები არიან როგორც დელეგატები ისე მონაწილეები, ეს ჩვენთვის სტიმულია, ვუახლოვდებით იმ დიდ ინდუსტრიას, რასაც ქვია ზამთრის სპორტის განვითარება“ , – განაცხადა ზუკა კოსტავამ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული შეჯიბრებები COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.