თემურ ჭყონიას ქალიშვილი სოფო ჭყონია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში შვილის შეყვანის გადაწყვეტილება თემურ ჭყონიამ ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ამ ნაბიჯით საბჭოს შემადგენლობა 4 წევრამდე გაზარდა.
„სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას 87.47%-იანი აქციების მფლობელი თემურ ჭყონია ვმოქმედებ რა საზოგადოების წესდების 7.1.2 მუხლის და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54.1.1 პუნქტით, მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა გაიზარდოს ოთხ წევრამდე. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მეოთხე წევრად არჩეული იქნეს სოფიკო ჭყონია“, – აღნიშნულია თემურ ჭყონიას გადაწყვეტილებაში, რომელიც 10 მარტით თარიღდება.
სოფო ჭყონიას გარდა, საბჭოში არიან გიორგი ახალაძე და შალვა გიგაია, საბჭოს თავად თემურ ჭყონია ხელმძღვანელობს, რომელიც Coca-Cola-ს მწარმოებელ კომპანიაში აქციების 87.47%-ის მფლობელია.
ცნობისთვის, სოფო ჭყონია წლებია მოდის ინდუსტრიაშია. ის ქვეყნის მთავარი მოდური ღონისძიების Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორია.