ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ქართული ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნას, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ეხმიანება. მისი განცხადებით, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება მისი გადასაწყვეტი არ არის, ამიტომ მას ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა მოჰყავს მაგალითად, რომლის მიხედვითაც “ეუთო არჩევნებს განიხილავს როგორც თავისუფალს”.
“ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. რაც შემიძლია გითხარით არის ის, რომ ეუთო განიხილავს ჩატარებულ არჩევნებს როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს,“- განაცხადა ბორელმა “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.