LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნეტფლიქსის” 10 საუკეთესო ფილმი და სერიალი – საუკეთესო ეკრანიზაციები

12927
page

მათ, ვისაც რომანისა და მისი ეკრანული ვერსიის შედარება უყვარს, ,,ნეტფლიქსმა” 10 საუკეთესო ფილმი და სერიალი შესთავაზა.

„ენოლა ჰოლმსი“ (Enola Holmes) – ინგლისი, 1884 წელი. სამყარო რადიკალური ცვლილებებისთვის ემზადება. ერთ მშვენიერ დილას გაღვიძებული ენოლა ჰოლმსი მოულოდნელად იგებს, რომ დედა გაქრა, მისგან კი, მხოლოდ უცნაური საჩუქრების ნაკრები დარჩა. უდარდელი ბავშვობის შემდეგ ენოლას მეურვეები უფროსი ძმები – შერლოკი და მაიკროფტი ხდებიან, რომლებსაც საუკეთესო გამოსავლად უმცროსი დის გოგონათა სკოლაში გაგზავნა ეჩვენებათ, თუმცა ენოლა უარს ამბობს ძმების შეთავაზებაზე და დედის საძებნელად ლონდონში გარბის. მართალია, სერიალი ნენსი სპრინგერის რომანის მიხედვით შეიქმნა, მაგრამ თავად არტურ კონან დოილის არცერთ მოთხრობაში მოხსენიებული არაა შერლოკ ჰოლმსის უმცროსი და, თუმცა მკითხველმა არც მისი ძმის შესახებ იცოდა არაფერი, სანამ მაიკროფტი ბეიკერ- სთრითზე არ გამოჩნდა.

„ბრიჯერტონი“ (Bridgerton) – ჯულია ქუინის წარმატებული რომანების სერიის ეკრანიზაცია მაყურებელს ბრიჯერტონების გავლენიანი ოჯახის უფროს ქალიშვილზე – დაფნაზე მოუთხრობს, რომელიც რეგენტობის ხანის ყველა ახალგაზრდა ქალის მსგავსად სარფიანად ცდილობს გათხოვებას.

„სვლა დედოფლით“ (The Queen’s Gambit) – 1950-იანი წლების ბოლოს კენტუკის ბავშვთა სახლში გაგზავნილ ბეტ ჰარმონს ჭადრაკის თამაშის უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, თუმცა საკუთარი შესაძლებლების სრულფასოვნად რეალიზებაში ტრანკვილიზატორები უშლის ხელს, რომელთაც აღმზრდელები იძულებით უნიშნავენ ბავშვებს. ამერიკელი მწერლის უოლტერ ტევისის რომანის ეკრანიზაციაში მთავარი როლი არგენტინული წარმოშობის ინგლისელმა მსახიობმა ანა ტეილორ ჯოიმ შეასრულა.

„ლუპენი“ (Lupin) – სენეგალელი ემიგრანტი ასან დიოპი სამართლიანობის აღდგენას და მამისთვის პატიოსანი სახელის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც 25 წლით ადრე მდიდარი ოჯახისგან მარია-ანტუანეტას კოლიეს მოპარვისთვის გაასამართლეს. ასანს ბავშვობიდან იტაცებდა ავანტიურისტი მძარცველის არსენ ლიუპენის ისტორია და სწორედ მისით შთაგონებული ცდილობს შურისძიების გეგმის შემუშავებას. სხვათა შორის, სერიალის პრემიერის შემდეგ იტალიაში, ესპანეთსა და ბრიტანეთში ნამდვილ ბესტსელერად იქცა მორის ლებლანის ორიგინალური რომანი, რომელიც 1907 წელს გამოიცა.

„არაორთოდოქსი“ (Unorthodox) – ახალგაზრდა ქალი უარს ამბობს რადიკალურ აღზრდაზე და ახალი ცხოვრების დასაწყებად ჯერ ნიუ-იორკში, მერე ბერლინში გარბის, სადაც არა მხოლოდ დამოუკიდებელი ცხოვრების სირთულეებს ეჩვევა, არამედ  საკუთარი ოჯახის ბნელი წარსულის საიდუმლოსაც იგებს. სერიალი დებორა ფელდმანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა. ლიტერატურულ პირველწყაროში ავტორმა ნიუ-იორკში, უილიამსბერგის რაიონის ჰასიდების კომუნიდან გაქცევის შესახებ მოუთხრო მკითხველს.

„შუაღამის ცა“ (The Midnight Sky) – არქტიკელი მეცნიერის – ავგუსტინის პოსტაპოკალიპტური ისტორია, რომელიც ასტრონავტ სალის და მის გუნდს დედამიწაზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, რადგან აქ მათ მხოლოდ გლობალური კატასტროფა ელით. ფილმი ჯორჯ კლუნის რეჟისურით დაიდგა და მანვე შეასრულა მთავარი როლი.

„ბლეის მამულის აჩრდილები“ (The Haunting of Bly Manor) – ძიძას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ჰენრი ვინგრეივი ახალგაზრდა ამერიკელი ქალს ქირაობს მცირეწლოვანი ობოლი ნათესავების მოსავლელად, რომლებიც ბლაის მამულში მზარეულ ოუენთან, მებაღე ჯეიმისთან და დიასახლისთან მისის გროუზთან ერთად ცხოვრობენ. თუმცა, იდუმალებით მოცულ სახლში არც ისეთი სიმშვიდეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წლების მანძილზე დაგროვილი პირქუში საიდუმლოებები სწორედ მისტიკურ გოთიკურ რომანში აშკარავდება.

მინი-სერიალი ჰენრი ჯეიმსის რომანის „ხრახნის შემობრუნების“ 35-ე ეკრანიზაციაა. ამერიკელმა ავტორმა მოჩვენებებზე მოთხრობებით და განსხვავებული ფსიქოლოგიის პერსონაჟების ისტორიებით გაითქვა სახელი.

„მხედვარი“ (The Witcher) – გერალტ რივიელი დაქირავებული მონადირეა, რომელიც მონეტების ერთი ტომრის სანაცვლოდ მზადაა ნებისმიერ ურჩხულს შეებრძოლოს. თუმცა, კონტინენტზე მოგზაურობისას გერალტს ურჩხულზე საზარელ ადამიანებთან უწევს შეხვედრა. სერიალი ანჟეი საპკოვსკის რომანების სერიის მიხედვით შეიქმნა. პირველი მოთხრობა პოლონელმა ავტორმა 1986 წელს შექმნა ჯურნალის Nova Fantastyka-ს ლიტერატურული კონკურსისთვის, რედაქტორისა და მკითხველის მხარდაჭერის შემდეგ კი, ფანტასტიკური ისტორიების შექმნა გააგრძელა და რამდენიმე წლის შემდეგ პირველი კრებულიც გამოუშვა.

„დილა მშვიდობისა, ვერონიკა“ (Bom Dia, Verônica) – ცნობილი ბრაზილიელი მწერლის რაფაელ მონტესისა და კრიმინოლოგის ილინა კასოის რომანის მიხედვით დადგმულ სერიალში მანიკს დადევნებული პოლიციელი, მოულოდნელად წყვილს პოულობს, რომელიც საზარელ საიდუმლოს მალავს.

„ვალერია“ (Valeria) – ელიზაბეტ ბენავენტის რომანის მიხედვით შექმნილი სერიალის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა მწერალია, რომელიც ერთდროულად განიცდის კრიზისს როგორც შემოქმედებით, ისე პირად ცხოვრებაში.

„ჩანაწერები ჩემი შვილისთვის“ (El Cuaderno de Tomy) – საზარელი დიაგნოზის მოსმენის შემდეგ უკურნებელი სენით დაავადებული მარია ვასკესი, მისთვის დამახასიათებელი სარკასტული იუმორით ხვდება სასიკვდილო განაჩენს და ერთგვარ გზავნილს წერს 4 წლის შვილისთვის. არგენტინული ფილმი მარია ვასკესის რომანის „ნიპურის უბნის წიგნაკის“ მიხედვით შეიქმნა, რომელიც სიმსივნით დაავადებულმა ავტორმა გარდაცვალებამდე შვიდი თვით ადრე დაწერა საკუთარი შვილისთვის.

 

magti 5g