ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ყველა ნაბიჯი შესაბამისი გზით არის გადადგმული „ქართული ოცნების” მხრიდან და ჩვენ ველოდებით ოპოზიციის კონსტრუქციულ, გააზრებულ და ჩამოყალიბებულ პოზიციას საკითხთან დაკავშირებით, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი კრისტიან დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია პოზიტიურად უყურებს მოვლენათა განვითარებას.
თუმცა, მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არჩევნების ხელმეორედ ჩატარების მოთხოვნის არანაირი ლოგიკა და საფუძველი არ გააჩნია.
“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ყველა წყაროდან მათ შორის ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან ერთმნიშვნელოვნად ჟღერდება გზავნილი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ამიტომ არჩევნებთან, მის ხელმეორედ ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი ლოგიკა და საფუძველი ოპოზიციას არ გააჩნია. რაც შეეხება სხვა დანარჩენ მიმართულებას – ე.წ პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, ზოგადად ნებისმიერ საკითხებთან მიმართებაში და რაღაც დისკუსიის დეტალებთან მიმართებაში იცით თქვენ, რომ არ საჯაროვდება ინფორმაცია.
რეალურად საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობს. კარგად იქნა გაჟღერებული შეერთებული შტატების სენატიდან გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ რეალური ფაბულა ამ საკითხისა სინამდვილეში არის ის, რომ რადგანაც კონკრეტულმა პირებმა კონკრეტული კრიმინალური ნაბიჯი გადადგეს, შესაბამისად, მოლაპარაკებების სივრცეში რა დეტალებზეც იქნება საუბარი მხარეთა შორის, ეს არ არის საჯარო. მე ვიმედოვნებ ყველა მიმართულებით მხარეები დადგებიან საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, პირველ რიგში, ეს რა თქმა, უნდა ოპოზიციას ეხება და იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიღებული”. – განაცხადა მათიკაშვილმა.