“საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ითანამშრომლოს და იხელმძღვანელოს ხელშეკრულებით, რომელიც უზრუნველყოფს ერთიან ჩართულობას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.” – მსოფლიოს ლიდერები საერთო მტრის, კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ერთიანდებიან და გამოდიან ინიციატივით – იმისათვის, რომ პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიოს რეაგირება ეფექტიანი იყოს, აუცილებელია გლობალური შეთანხმების მიღწევა, რომელიც მომავალ თაობებს დაიცავს.
ხელშეკრულება ხელს შეუწყობს მაღალი დონის პოლიტიკურ მოქმედებებს, რომელიც დაძლევს მსოფლიო კრიზისს და დაიცავს ჯანმრთელობას.
გლობალური შეთანხმების ინიციატივას უერთდებიან 23 ქვეყნის ლიდერები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები.
განცხადებაში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის ლიდერები, ასევე ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი აწერენ ხელს, აღნიშნულია, რომ ვერც ერთი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, პანდემიის საფრთხეს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ინიციატორთა თქმით, შეთანხმება ქვეყნებს დაეხმარება, გააძლიერონ საგანგებო ვითარებების შესახებ შეტყობინების სფეროში თანამშრომლობა, გაცვალონ მონაცემები და ითანამშრომლონ პროფილურ გამოკვლევებში.
კოვიდპანდემია მკაცრი და მტკივნეული შეხსენებაა იმისა, რომ არავინ არ არის დაცული, სანამ ყველა არ იქნება დაცული – აღნიშნავენ ინიციატივის ავტორები.