ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებელი ფართით თბილისის მერია უზრუნველყოფს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მათ დახმარებისთვის ისნის გამგეობას უნდა მიმართონ ან მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.
“ამ ეტაპზე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, სრულად არის დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდებარე კორპუსებში გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა. მერია, რასაკვირველია, იზრუნებს მოსახლეობაზე და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის დროებით საცხოვრებელ ფართებს.
ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს საცხოვრებელი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა. გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომერზე 2 37 50 29; 599 53 70 40. ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე 2 72 22 22”- განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო გარდაცვლილის მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და საქართველოს მიუსამძიმრა.