რუსუდან ფეტვიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ დიდი ოჯახური ტრაგედიის შესახებ საუბრობს. მას მეუღლე, თემურ ბადრიაშვილი 2019 წელს გარდაეცვალა, თუმცა ამ მტკივნეულ თემაზე საჯაროდ საუბარი მხოლოდ ახლა შეძლო.
რუსუდან ფეტვიაშვილი:
„ჩვენ 33 წელი ვიყავით ერთად. ეს იყო ყველაზე სავსე, ყველაზე ბედნიერი წლები…
16 წლის ვიყავი, როცა გავიცანი, 18 წლიდან ერთად ვცხოვრობდით და ერთი დღე არ დავშორებივართ. სულ ერთად ვიყავით, სამსახურშიც, უცხოეთშიც ერთად დავდიოდით. ჩემს მშობლებთან და ახლობლებთანაც ერთად მივდიოდით და ახლაც ერთად ვართ. მართალია, ვიცი, რომ ის გარდაიცვალა, მაგრამ განცდა იმისა, რომ დამცილდა, არ მაქვს, რადგან ვგრძნობ მასთან ერთიანობას.
ის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე საყვარელი ადამიანი დედამიწაზე. ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვიყავით, მაგრამ ერთ ღერძზე ვბრუნავდით და ამ ღერძს სიყვარული ატრიალებდა. ჩემთვის წარმოუდგენელია თავის მოაზრება მის გარეშე, ამიტომ ჩვენ ისევ ერთად ვართ, ორნი – ერთი მთლიანობის განუყოფელი ნაწილები.
ჩვენ ბათუმში გვქონდა გალერეა, შემდეგ თბილისშიც. ჩემი მეუღლის ავადმყოფობის დროს ვეღარ მივხედე და ორივე დავკეტე. მას ჰქონდა სურვილი, გაგვეხსნა პატარა კაფე-გალერეა, ჩემი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად ავასრულებ მის სურვილს…“