დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აღდგომის დღესასწაული მოკრძალებულად აღნიშნონ.
„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის დაძლევაში მხოლოდ ეს ხუთი საშუალება დაგვეხმარება: პირველი – ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან – ღია თუ დახურულ სივრცეში; მეორე – დისტანციის დაცვა; მესამე – სანიტარული წესრიგის დაცვა ყველგან; მეოთხე ძალიან მთავარი და სპეციფიკური ჩვენთვის – დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, ყველანაირი საბედნიერო და სამწუხარო სუფრის გამართვა უნდა გადავდოთ გვერდზე. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველაზე დიდი დღესასწაული – აღდგომა ახლოვდება.
ამიტომ, ძალიან მოკრძალებულად უნდა ვეცადოთ ამ დღესასწაულის აღნიშვნას. აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულში, საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს. რაც შეეხება მეხუთე საშუალებას, რომელიც დღეს მთავარი თემაა – ეს არის აცრების პროცესის ინტენსიფიკაცია. ამ ეტაპზე, ქვეყანაში, დღეში მხოლოდ 1400 აცრა კეთდება, რაც ძალიან ცოტაა. ეს რიცხვი, სულ მცირე, 3 000-4 000-ს მაინც უნდა შეადგენდეს. ივლისიდან კი, უნდა გვქონდეს 10 000 -12 000 ათასი აცრა დღეში, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ წლის ბოლოს, დავამარცხოთ ეპიდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.