საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ით დაბრუნებას ვარაუდობს, – საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან” საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ზაფხულში ფრენების აღდგენასთან ერთად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაც იგეგმება.
„ზაფხულის სეზონისთვის გვაქვს მოლოდინი, რომ მოცულობის 40-45%-ს დავუბრუნდებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრი ავიაკომპანიაა დაინტერესებული საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებით. პანდემიის მიუხედავად, გვყავს ახალი ავიაკომპანიებიც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირებას იწყება ქართული ავიაბაზრისათვის აბსოლუტურად ახალი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც არის ყაზახური პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. ასევე აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings, რომელთანაც მოლაპარაკებები 3 წელი მიმდინარეობდა. მესამე ახალი ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ია”, – განმარტა ვაკო ჭილაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას.