LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაციის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებას: NGO-ები

62
ISFED

“მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული.” – არასამთავრობო ორგანიზაციები ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტის განახლებულ ვერსიას აფასებენ და მასზე დათანხმების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ერთობლივ მიმართვას ხელს აწერს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

განცხადების ავტორები ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებზე და კომპრომისის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ისეთ შეთანხმებაზე საუბრობენ, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ პლურალიზმს უზრუნველყოფს:

“შესაძლოა, დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსესუსის მიღწევას გულისხმობს.
მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული.

საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა.

დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.” – აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. მის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია.

დღეს, მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწერონ;

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს პარტია “გირჩის” წევრებმა;

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე “ოცნება”;

შალვა ნათელაშვილი კი აცხადებს, რომ ეს არის ხაფანგი, რომელშიც არა მხოლოდ ოპოზიციის გაბმა, არამედ მთელი ერის გამომწყვდევაა გათვლილი.

magti 5g