“ვხვდებით ყველა მხარეს, სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება.” – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა დმანისის პოლიციის შენობაში შეხვედრა გამართეს.
სოზარ სუბარის თქმით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა, რასაც ძალიან ცუდი ესკალაცია მოჰყვა.
მისი თქმით, ის, რაც მოხდა, იყოს არასწორი, მოჰყვა წუთიერ გაუგებრობას და ყველაფერი დაწყნარდება:
“ამ ესკალაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ვხვდებით ყველა მხარეს, სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება. წუხანდელთან დაკავშირებით ყველა ადამიანი არის დაკითხული, მთელი ინფორმაცია არის მოგროვებული, იგივე ვითარება არის დღევანდელთან დაკავშირებით, ხდება ინფორმაციის მოპოვება და მოხდება ყველას გამოკითხვა. დაპირისპირებული მხარეები არ არსებობს, მიდის მუშაობა, მე, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი მივდივართ ერთ ნაწილთან, სხვა ნაწილთან სხვები მუშაობენ.” – განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, დმანისში ვითარება გუშინ დაიძაბა – თანასოფლელებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ადგილზე დღეს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს დმანისის პოლიციის შენობაში შეხვედრა გამართეს, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი, მხარის გუბერნატორი, სამხარეო პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა პირები ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი განცხადება გაავრცელა და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა, იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.