თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კულტურული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაცია-განახლება ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს გუდიაშვილის ქუჩის განახლება. მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება მომიჯნავე ქუჩების განახლებაც, ძველი თბილისი არის ის, რასაც სჭირდება განახლება. თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. ეს შენობა-ნაგებობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
პროექტი ფრანკონი-დედაქალაქებისა და მეტროპოლიებისა მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის განახლება მოხდება. ასევე განხორციელდება ეზოს კეთილმოწყობა. 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს სამუშაოები.
ამ მუზეუმში დაცული კოლექციები უნიკალურია და წარმოდგენას გვიქმნის კავკასიასა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილის წარმოებასა და გამოყენებაზე.
აქ თავმოყრილია დიდი ინფორმაციის მქონე ნიმუშები, ექსპონატები და ვფიქრობ, მუზეუმის რეაბილიტაცია წარმოაჩენს არა მხოლოდ შენობის მნიშვნელობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არამედ ზოგადად იმ ექსპონატებით არის განსაკუთრებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით, 3 მლნ 300 ათასი ლარია.