LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო

100
Untitled design (1)

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტს “ახალი ტფილისის” მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მე-19 საუკუნეში აგებული შენობის რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება: შენობის კონსტრუქციული გამაგრება, დაზიანებული სახურავის შეცვლა, ექსტერიერის და ინტერიერის დეკორის რესტავრაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა და რესტავრაცია, ძველი ავეჯის რესტავრაცია, გათბობის სისტემის მოწყობა, შშმ პირებისთვის ადაპტირება, ეზოს კეთილმოწყობა, ასევე  ღობის და შადრევნის რესტავრაცია.

როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ტიპის  უნიკალური კოლექციები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის  კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილების წარმოებასა და  გამოყენებაზე ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური კუთხით.

“ბიოლოგიური და იზოტოპიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური აბრეშუმის პარკებისა და ძაფების ნიმუშები. პარკების უმრავლესობა მუზეუმში მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ეს კოლექცია ინახავს დათარიღებულ,  დაუმუშავებელ აბრეშუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეორე მხრივ მასში დაცულია ინდუსტრიალიზაციამდელი ჩინეთის, იაპონიის, ცენტრალური აზიის, ოსმალეთის (სირია, თურქეთი, საბერძნეთი) და დასავლეთ ევროპის მეაბრეშუმეობის ფერმებიდან წამოღებული ადგილობრივი გენეტიკური კოდი.” – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების დროს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მუზეუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი, როგორც ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ მასში განთავსებული ექსპონატების გამოც:

“აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის რეაბილიტაციაც ჩვენ დღეს დავიწყეთ. მინდა მადლობა გადავუხადო „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა  და მეტროპოლიების მერებისა ასოციაციას“, რომლის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ხორციელდება აღნიშნული პროექტი. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც  მიწისქვეშა კომუნიკაციების, სადრენაჟე სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა,  დასრულებულია და უკვე გადავდივართ უშუალოდ ძეგლის განახლებაზე. ეს მუზეუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი, როგორც ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ მასში განთავსებული ექსპონატების გამოც. ის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ ყველაფერს კი სჭირდება მოვლა-პატრონობა, გალამაზება. ბევრმა არც კი  იცის, რა ხდება აქ. ვფიქრობ, განახლებული მუზეუმი საინტერესო იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისა და ტურისტებისთვის.” – თქვა კალაძემ.

თბილსიის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ბიუჯეტი 3 მლნ 300 ათასი ლარია და ის “მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის” (AIMF) თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები