ინფიცირებისა და სიკვდილიანობის რეკორდული ზრდა ნეპალის ჯანდაცვის სექტორს ტვირთად აწვება და პანდემიის მეორე ტალღა შესაძლოა აქ უარესი იყოს, ვიდრე ინდოეთში – უცხოურ მედიასაშუალებებში ასეთ პროგნოზს მრავლად შეხვდებით.
ნეპალში პანდემიის მორიგი ტალღა მძვინვარებს, საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლებისა და ჟანგბადის მარაგი იწურება, ექიმები აცხადებენ, რომ ზოგ შემთხვევაში, ორი პაციენტი ერთი საწოლით სარგებლობს, დაღუპულთა რიცხვი კი იმდენად მაღალია, რომ მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს.
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მდებარე ინფექციური საავადმყოფო სუკრარაჯი კოვიდპაციენტებით გადავსებულია, ჯანდაცვის ექსპერტები და ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო მუშაკები ვითარებას აღწერენ, როგორც – “თითქმის აპოკალიფსურს”.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საავადმყოფოს საწოლებისა და ჟანგბადის დეფიციტი აქვს და ეროვნული ვაქცინაციის კამპანიაც თითქმის შეჩერებულია.
სუკრარაჯის ექიმები ამბობენ, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მკურნალობენ საავადმყოფოს ყველა კუთხეში და საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის ავტოფარეხებსაც იყენებენ, ექთნების თქმით, ცდილობენ ყველა პაციენტს ყურადღება მიაქციონ და საავადმყოფოში მოათავსონ შეზღუდული რესურსის მიუხედავად.
19 მაისის მონაცემებით, ჩატარებული 21 000-ზე მეტი ტესტიდან 8 173 შემთხვევაში ინფექცია დადასტურდა და გარდაიცვალა 246 ადამიანი, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია მიმდინარე წელს.
ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ინფიცირების რეალური რიცხვი შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს, რადგან ნეპალში ტესტირების პროცესი კვლავ შეფერხებით მიდის.
ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ასევე ასახულია Worldometers-ზე, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ნეპალში დაინფიცირდა 488 645 და გარდაიცვალა 5 847 ადამიანი, აქედან თითქმის 2 000 პაციენტი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიღუპა.