ბელარუსი ჟურნალისტისა და ლუკაშენკოს კრიტიკოსი აქტივისტის, რომან პროტასევიჩის მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე, სოფია საპეგა მინსკში დააპატიმრეს. მისი მშობლების განცხადებით, საპეგას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
აღნიშნულის შესახებ საპეგას მშობლებმა BBC-ის რუსულ ბიუროსთან ისაუბრეს. როგორც საპეგას მშრობლებმა განაცხადეს, მათი ქალიშვილი პოლიტიკით დაინტერესებული არ ყოფილა. საპეგას დედის, ანა დუდიჩის თქმით, სოფიას საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა არ მიუღია.
„საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 9 აგვისტოს ის მშობლებთან ერთად აგარაკზე იმყოფებოდა, ხოლო 11-12 აგვისტოს ლიეტუვაში გადავიდა,“- განუცხადა BBC-ის დუდიჩიმ და დაამატა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მისი შვილი პროტასევიჩთან ერთად არეულობების ორგანიზებაში მონაწილეობდა, სრული სიცრუეა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი მინსკში დააკავეს “რეინეარის” თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტი თავის მეგობარ სოფია საპეგასთან ერთად იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
ონლაინ ქსელმა NEXTA-მ განაცხადა, რომ მისი ყოფილი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. ქვეყნის ოპოზიციონერების თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ.
ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
მომხდარის შემდეგ, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა
ამავე თემაზე:
უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას აპირებს
