LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებულ ენერგიას ჯიბეში ვერავინ ჩაიდებს და ვერ გაიტანს სახელმწიფოდან: ენერგეტიკოსი

117
გია არაბიძე

ნამოხვანჰესთან დაკავშირებული ვნებათაღელვა დიდი ხანია გასცდა გარემოსდაცვით საკითხებს და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. 200 დღეზე მეტია უცვლელია ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების პროტესტი.  მრავალი მოსაზრება ისმის უშუალოდ კვლევებთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან აპროტესტებდნენ მშენებლობას, ამბობენ, რომ მათთან კომუნიკაციაზე არ გადიოდა არავინ, მათ არ უსმენდნენ და არ ჰქონდათ ინფორმაცია კვლევებისა და უსაფრთხოების შესახებ. უცვლელია ხელისუფლების პოზიციაც ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ აცხადებს, რომ ჰესების დაპროექტებისა და მშნებელობის დროს 4 მთავარი პირობის დაცვაა აუცილებელი.

 

ერთი გაღუნული მავთული გვაქვს, რომელზეც ჩვენი ენერგოსისტემაა ჩამოკიდებული – თუ ჰესები არ აშენდა, იძულებული გავხდებით, ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური: გია არაბიძე

 

“ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის ასამუშავებლად და გასაკეთებლად 4 მთავარი პირობაა აუცილებელი.

ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  ეს სადგური ენერგეტიკულად იყოს საჭირო.

როგორც ენერგეტიკოსი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე და არც ასაკი მაქვს ძალიან თინეიჯერული, ვაცხადებ, რომ ნამახვანჰესის მილიარდნახევარი კილოვატი ენერგია, სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ელექტრული სისტემის საიმედოობისათვისა და უსაფრთხოებისათვის.

გარდა ამისა, ეს ელექტრული ენერგია აუცილებელია იმისათვის, რომ  ექსპლუატაციაში შევიყვანოთ განახლებადი ელექრული ენერგია. ნამახვანჰესის მილიარდახევარი კილოვატი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 600 მეგავატამდე ქარისა და მზის ენერგიის სადგურები შემოვიყვანოთ სისტემაში და დავაბალანსოთ ჩვენი ენერგოსისტემა.

ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი და რამდენადაც მე ვხვდები, ამ მიმართულებით დიდი ურჩობა და წინააღმდეგობა არ გვხვდება მოსახლეობიდან და არც რიონის ხეობის მცველებიდან. აქ საუბარია იმაზე, რომ იქნება კი ეს ელექტრული უსაფრთხოება 15 წლის შემდგომ. ანუ მივადექით ხელშეკრულების არსს, ხელშეკრულების საიმედოობასა და მის ფუნქციებს. ამისათვის არსებობს უამრავი იურისტი და უამრავი ეკონომისტი, რომელსაც დეტალურად შეუძლია გაგვცეს პასუხი, თუ რა ეკონომიკურ საფრთხეებს შეიცავს. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ დამთავდება მე -15 წელი, დაიწყება მე-16 წელი. ხელშეკრულებაში წერია, რომ 15 წლის შემდგომ კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება.

საქართველოდან ერთი კილოვატსაათ ელექროენერგიას ვერ გაიტანს ჩვენი ელექტრული სისტემა, თუ ეს ენერგია საჭიროა ქვეყნისათვის. ამიტომ ჩვენი გადამცემი ხაზები, რომლის საშუალებითაც ხდება ენერგიის გატანა და შემოტანა, მათ წესდებაში ცალსახად წერია, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავა საქართველოში ნაწარმოები კილოვატენერგია, თუ ის ქვეყნისათვის აუცილებელია. ამიტომ მე-16 იქნება, მე-18 , თუ მე-20 წელი, ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებულ ენერგიას ჯიბეში ვერავინ ჩაიდებს და ვერ გაიტანს სახელმწიფოდან.

სრული დაზღვევა არსებობს იმისათვის, რომ როგორც 15 წლის განმავლობაში მოხდება ამ ენერგიის საქართველოში დატოვება, ისე მოხდება სხვა წლების განმავლობაში.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობენ და შეიძლება მობეზრდა ხალხს.

ამბობენ, რომ ჩვენ ძირითადად 20 %-მდე ელექტროენერგია შემოგვაქვს. დღეისათვის საქართველოს ბედად სამეზობლოში ელექტონული ენერგია იშოვება, იყიდება. ამ ელექტროენერგიის ფასი დღეისათის ჩვენი ჯიბისთვის არის ხელმისაწვდომი. ანუ ფასი არის ისეთი, რომელსაც ასე თუ ისე ტარიფი ფარავს.

გავა 15 წელი და ეს ენერგია ან აღარ იქნება სამეზობლოში საყიდლად, ან თუ იქნება, არავითარ შემთხვევაში ამ ფასად არ იქნება, მაგრამ ფულიც რომ გვქონდეს, ენერგიაც რომ იყოს, ჩვენი ელექტროგადამცემი ხაზები ვეღარ შეძლებენ ამაზე მეტი ელექროენერგიის შემოტანას ქვეყანაში.

2 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგიის შემოვიტანეთ ჩვენ ამ 3-4 თვის განმავლობაში. აქედან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს არამარტო ნამახვანჰესის აშენება, არამედ ყველა იმ ჰესის აშენება, რომელიც დაპროექტებულია. საქართველოში 4 მილიარდდოლარიანი საინვესტიციო პაკეტი დევს ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად. დაახლოებით 42 სადგურია სადგურია გაჩერებული. ზოგი მშენებლობის პროექტში, ზოგი დამპროექტებლის პროცესში და ა.შ. დამერწმუნეთ, კარგად ვიცი, ბოლო 30 წლის ისტორია, დათვალოს ნებისმიერმა ეკონომისტმა. რა პროცენტი შემოვიდა ინვესტიციებიდან და აქედან რამდენი პროცენტია ენერგეტიკაში შემოსული. ხომ არ არის 80-85 პროცენტი ინვესტიციებისა მხოლოდდამხოლოდ ენერგეტიკაზე მოსული… ამ პროექტის ჩაშლით ჩვენ სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით.

 

 

იქნება არბიტრაჟი, იქნება გარვეული პრობლემები, საჩივრები და ა.შ. თუ ენეგეტიკაში ინვესტორმა ფული ვერ დააბანდა, სხვა დარგში უკვე გამორიცხულია რაიმეს დაბანდება. აქედან გამომდინარე, ცალსახად ვამბობ, რომ ენერგეტიკულად ნამახვანისა და არამარტო ნამახვანის პროექტები აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის და საიმედო მომარაგებისათვის“. – ამბობს ენერგეტიკის ექსპერტი „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

თუ საექსპერტო დასკვნები გამოკვეთს, რომ არსებობს პრობლემები და  ეს პროექტი შეცვლას არ ექვემდებარება, მაშინ ასეთი პროექტი არ უნდა ავაშენოთ

 

რიონის მცველები ამბობენ, რომ უსაფრთხოების საკითხი დგას ძალიან მწვავედ და ისინი აპელირებენ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარებული კვლევებით. ამბობენ, რომ თავის დროზე პროექტი დაწუნებული იქნა. გია არაბიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია დასკვნის საფუვლიანად ჩატარება.

„ყველას მინდა ვუთხრა, არ გავიმეოროთ გასული საუკუნის 90-იანი წლების რადიკალური შეცდომა ხუდონის არაშენების გამო.

ხუდონის არაშენებამ ჩვენი ენერგეტიკა წელში გაწყვიტა და დღესაც ვიმკით იმ პრობლემებს, რაც მისი აუშენებლობით მოხდა. მაშინ როდესაც 40 %-მდე სამუშაო უკვე გაკეთებული იყო. კარგად მახსოვს ის პერიოდი, მშენებლობის სასტიკმა მოწინააღმდეგეებმა მერე მაპატიეთ და ბოდიშიც კი მოუხადეს საზოგადოებას. ამიტომ ყველას მინდა მივმართო. მთავრობასაც და მცველებსაც, კარგად გავიაზროთ ყველაფერი, რომ არ დავუშვათ 90-იანი წლების შეცდომა.

მე ვერ გეტყვით, რომ იქ ჩატარებული კვლევები საკმარისია და ყველაფერი წესრიგშია.

ეკონომიკურ ნაწილზე, თავისუფლად შეიძლება ეკონომისტებმა ისაუბრონ იმისათვის, რომ ამოიწუროს ყველა შეკითხვა. ხელშეკრულებას რაც ეხება, ამაზე იურისტებმა უნდა ისაუბრონ. გარემოს დაცვაზე ასევე ბევრი უნდა ისაუბრონ.

ანუ 4 ნაწილისგან შემდგარი ჯგუფი რომ გაკეთდეს, სადაც დასხდებიან ეკონომისტები და ექსპერტულ დონეზე უნდა მოხდეს მათი საგნობრივი საუბარი.

მე მოვუსმინე „ენკას“ ახალ დირექტორს, რომელმაც განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალეა. ამბობს, მობრძანდით, აიღეთ კვლევები და ნახეთ. აიღონ ამ დარგის სპეციალისტებმა ის კვლევები, რაც ჩატარდა დაპროექტების პერიოდში, ნახონ და თქვან, რომ არა ბატონებო, პროექტია შეცდომით გაანგარიშებული, ეს მიწისძვრის არა შვიდ ბალზე, არამედ 2 ბალზეა გაანგარიშებული და ა.შ.

აქ საექსპერტო სამუშაოებია ჩასატარებელი და ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ. ექსპერტების საუბრის შემდგომ თუ ვერ მოხერხდა შეჯერება საკითხებისა, ამ შემთხვევაში გამოცდილება ძალიან დიდი გვაქვს. თუ არ გვჯერა მათი ბოლომდე, მოვიწვიოთ ექსპერტები საზღვარგარეთიდან და დავადგინოთ, ვინ სად სცდება და ხომ არ სცდება გია არაბიძე რომ ამბობს, რომ ამ სადგურის მშენებლობა ენერგეტიკულად აუცილებელია.

სად სცდებიან სხვები, რომ ამბობენ, რომ ეს არის გრავიტაციული კაშხალი და მისი გარღვევა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. სად სცდება ის ექსპერტი, რომელიც ამბობს, რომ პროექტი მეწყერებზე გაანგარიშებულია და პრობლემა არ არის. ეს ექსპერტების დონეზე შეჯერდება და გამოჩნდება, რომ პროექტს აქვს ხარვეზი, იურიდიულად, ეკონომიურად, გარემოს დაცვის მიმართულებით, ენერგეტიკულად და .ა.შ.

თუ საექსპერტო დასკვნები გამოკვეთს, რომ არსებობს პრობლემები და  ეს პროექტი გადაკეთებას ან შეცვლას არ ექვემდებარება, მაშინ ასეთი პროექტი არ უნდა ავაშენოთ. თუ შეიძლება ამ პროექტის გადაკეთება, (შეიძლება გადასაკეთებელიც არაფერია), მაშინ ერთი დღეც არ უნდა დავაგვიანოთ და მის მშენებლობაზე“. – ამბობს გია არაბიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები