თიკა ჯამბურიას ინტერვიუსა და ფოტოსესიისთვის სასტუმრო „ქისში“ შევხვდით და ლობისა და ულამაზეს ნომერში ფოტოები გადავუღეთ. ინტერვიუ მომღერალთან სიახლეებით დავიწყეთ… როგორც თიკამ აღნიშნა, ამ ბოლო დროს მიხვდა, რომ პოპულარობას კარგავს, ამიტომაც სურს, 2018 წელი კარიერის კუთხით მაქსიმალურად გამოიყენოს. თიკამ ისიც მოგვიყვა, როგორ ეძებდნენ მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ღამით გუდაურში დაკარგულს…
თიკა ჯამბურია:
რაც ეს წელი დაიწყო, გადავწყვიტე, ჩემი თავი კარიერას მივუძღვნა, გავაკეთო ბევრი სიახლე, ძველიც ახლებურად ავაჟღერო. ანტონ თათვიძე, ძალიან მაგარი ადამიანი გამოჩნდა და ამ ყველაფერს თავს სწორედ ის აბამს. დაგეგმილია ორი ვიდეორგოლის გადაღება, ორი ჩემი ძველი სიმღერის ახლებური ვერსიები, ასევე ვწერ დუეტს დიმა კობეშავიძესთან, რომელსაც მსმენელი თებერვალში მოისმენს. ძველი სიმღერებიდან თბილისზე სიმღერა და უცნობთან დუეტი ამოვარჩიე. ვფიქრობ, ეს ის სიმღერებია, რომლებიც ყველას უყვარს და მსმენელისთვის სასიამოვნო იქნება მათი ახლებურად მოსმენა.
ინტერვიუმდე მითხარი, რომ რთული პერიოდი გამოიარე. რას უკავშირდებოდა ის?
უსაქმურობა. არაფერი სხვა არ ჩამაგდებს დეპრესიაში გარდა იმისა, როცა საკუთარი საქმე არ მექნება. ამიტომაც გადავწყვიტე, წოლითი რეჟიმიდან გამოვიდე და დავიწყო ის საქმე, რაც ყველაზე ძალიან მაბედნიერებს და მანიჭებს სიამოვნებას. ახლა გასართობად არსად დავდივარ. მიყვარდა ღამის ცხოვრება და კლუბები, მაგრამ მომბეზრდა, გავიზარდე, დიდი გოგო ვარ უკვე. აღარ მაქვს იმდენი ენერგია და ძალა, რომ ღამეები ვათენო კლუბებში. არ ვარ ძალიან დიდი, მაგრამ 18 წლისაც ხომ არ ვარ.
ღამის ცხოვრების სიყვარულს ზოგჯერ ნარკოტიკების სიყვარულიც ახლავს…
არ არის საჭირო, ისე იცხოვრო ღამის ცხოვრებით, რომ მაინცდამაინც ნარკოტიკებზე შეჯდე და მგონი, ამისი არაფერი მეტყობა (იცინის). გამიგია და ვიცი კლუბური ნარკოტიკების შესახებ, მაგრამ არასდროს გამისინჯავს…
უსაქმურობის პერიოდი რამდენ ხანს გაგიგრძელდა?
უსაქმურობა არ ნიშნავს იმას, რომ არაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ, თანდათან მივხვდი, რომ აღარ ვარ აქტუალური და მოთხოვნადი მომღერალი, ამან უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდო. ბავშვობიდან შეჩვეული რომ ხარ პოპულარობას და ყურადღების ცენტრში ყოფნას, ყველა შენზე ლაპარაკობს, ეს რთულია, მაგრამ უფრო რთულია, როცა არავინ ლაპარაკობს შენზე და არავის აინტერესებ, ხვდები, რომ უკან-უკან მიდის შენი პოპულარობა. ვხვდები, ახლაა ჩემი ბოლო ამოსუნთქვა, რომელმაც უნდა გააკეთოს ის, რომ ჩემმ პოპულარობამ და სახელმა ცხოვრების ბოლომდე გაატანოს.
როდის მიხვდი, რომ პოპულარობას კარგავდი?
ამის გაცნობიერება რთული არ ყოფილა. მართალია, შოუბიზნესი არ არსებობს, მაგრამ მომღერლები უნდა გავაქტიურდეთ, ახალი უნდა შევთავაზოთ მსმენელს, ის, რაც მოდურია და რეიტინგულია. არ უნდა შევასრულოთ მხოლოდ ის ძველი, რაც 90-იან წლებში გამოვიარეთ წვიმაზე და სიყვარულზე სიმღერისას. ახლა რასაც ვაკეთებ, იქნება თანამედროვე, გემოვნებიანი და ყველას მოეწონება. ძალიან მიყვარს „ცისარტყელები“ და ყველა ჩემი ძველი სიმღერა, მაგრამ აღარ მინდა ისევ „ცისარტყელები“, აღარ მინდა, ისევ ის კიკინებიანი თიკა ვიყო.
და ეს იმიჯი მოგყვება აქამდე?
რა თქმა უნდა, ეს იმიჯი მაქვს დამკვიდრებული. ყველას თვალწინ გავიზარდე და გამოვიარე ჩემი ცხოვრება. თითქოს ყველა მიცნობს და იციან ყველაფერი ჩემ შესახებ. მინდა, ეს დაიმსხვრეს, რადგან აღარ ვარ ის ადამიანი და გამიცნონ ისეთი, როგორიც რეალურად ვარ.
რა შეიცვალა შენში?
ძალიან განვვითარდი, აზროვნებით თუ მუსიკალურად, გავიზარდე, დიდი ვარ. ბევრი რამ შეიცვალა და მინდა, ჩემს მსმენელს ეს ვანახო, მასაც, ვინც ადრე მიცნობდა და მასაც, ვინც ახალ თიკას შეიყვარებს.
პირადში განცდილი მარცხები და გამარჯვებები მომღერლის შემოქმედებაზე აისახება?
ჩვენთან ცოტა ნაკლებად, რადგან თავად არ ვწერთ სიმღერებს, ძირითად შემთხვევებში. თუმცა, ჩემი ბოლო ალბომიდან, რაც გამოვა, სიმღერა, რაზეც მთავარი გათვლა გავაკეთე, ჩემი დაწერილია, ტექსტიც და მუსიკაც, მეხმარებიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს გაალამაზებენ და დაასრულებენ. შენ თვითონ რომ წერ, ძალიან სასიამოვნოა, ემოციებისგან იცლები, რაც სიმღერაში გადაგაქვს. უფრო თავისუფალი ხდები. მე, ზოგადად, მიყვარს ყველაფრის ლაპარაკი, დაცლა, არ შემიძლია ჩემთვის დატოვება. ამიტომაც არის, სულ ამბობენ, თიკა ყველაფერზე ლაპარაკობს და ყველაფერს ჰყვებაო. არ მიყვარს არაფრის დამალვა, რადგან მგონია, რომ ამით უფრო მძიმდები. ვგულისხმობ პირად ცხოვრებასაც.
რამე ხდება შენს პირადში?
ახლა ისეთი არაფერი, რომ მოსაყოლად ღირდეს, მაგრამ ყოველთვის არის პატარ-პატარა სასიყვარულო ისტორიები.
მამაკაცებზე მოსაზრებები შეგეცვალა?
რაც ვიზრდები, ამ მხრივ გემოვნება მეცვლება, მაგრამ „ყველა კაცი ერთნაირიაო“, რომ ამბობენ, ამას არ ვეთანხმები. ვიცი ბევრი სასიყვარულო ამბავი, საიდანაც ვერ იტყვი, რომ ყველა კაცი ერთნაირია, უბრალოდ, ყველამ უნდა იპოვოს თავისი მეორე ნახევარი.
როგორ წარმოგიდგენია ის ადამიანი, ვინც გაზრდილი თიკას გვერდით იქნება?
საინტერესო ადამიანი უნდა იყოს და მისგან ბევრი უნდა ვისწავლო, განათლებული უნდა იყოს, იცოდეს ბევრი რამ. ვიზუალზე ყურადღებას განსაკუთრებით არ ვამახვილებ, რადგან სხვადასხვანაირი ბიჭები მომწონებია.
საკუთარ ვიზუალთან დაკავშირებით რა წუხილები გაქვს?
სულ მაწუხებს ჩემი წონის ამბავი (იღიმის). რაც უნდა იყოს, ეს არის ჩემი წუხილის მიზეზი. ერთი პერიოდი ვამბობდი, ხორციანი გოგონები მაინც ლამაზები და მაგრები ვართ-მეთქი, მაგრამ ასე არ არის, ყველა უნდა იყოს გამხდარი, რომ იყოს ბედნიერი და თავდაჯერებული. არაფერი გასაგიჟებელი იმაში არ არის, რომ ზედმეტი წონა გქონდეს, რადგან ზოგ მამაკაცს ეს მოსწონს, მაგრამ ფორმაში ყოფნა, სიგამხდრე, ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი თავდაჯერებას და საკუთარი თავის სიყვარულს ჰმატებს ქალს.
ახლა დიეტაზე ხარ?
კი (იღიმის). ძალიან გახდომა არ მაქვს გეგმებში, მაგრამ მინდა, ისე ვიყო, ყველაფერი რომ გიხდება და იცვამ. ჩემი დიეტა არის შიმშილი. ვიცი, რომ არ ვარგა, მაგრამ რა გავაკეთო. ისე მაქვს ჩემი გონება მოწყობილი, მგონია, ამის გარდა ვერაფერი მახდუნებს. რაღაც პერიოდი ვიშიმშილებ, შემდეგ 12-დან ექვსამდე შევჭამ. ცხიმი, ცომი, შემწვარი ამოღებულია. შიმშილში სულ შიმშილი არ იგულისხმება, მოხარშული ქათამი, თევზი, უმარილოდ შეიძლება. ამას მე თვითონ ვიმზადებ, რადგან დედაჩემი აღარ მიკეთებს არაფერს, ჰგონია, რომ მესამე დღეს დიეტას თავს დავანებებ და აზრი არ აქვს (იცინის). მირჩევნია, თავად მოვიმზადო, რადგან უფრო მოტივირებული ვარ.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ახსენე და გუდაურში სასრიალოდ იყავი?
ძალიან მიყვარს სრიალი, ბავშვობიდან ვდგავარ თხილამურებზე და კარგად ვსრიალებ. წელს „ხიჟინიდან“ გვიან ჩამოვედით, დაგვაგვიანდა, აგვერია გზა, გადავედით გაუკვალავში და დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გვეძებდნენ, გვიპოვეს მაშველებმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. ხომ იცი, საშიშ ფილმებში როგორ ხდება, ამ დროს გიჯდება ტელეფონი, რამდენიმე ნაცნობი იყო და რამდენიმე იქვე გავიცანით, რამდენ ხანს მოვდიოდით, აღარ მახსოვს. ჩემმა მეგობარმა დარეკა და ვთხოვე, რომ მაშველებისთვის შეეტყობინებინა. ნახევარი მეტრის იქით არაფერი ჩანდა. მაგრა ყინავდა…
არ ვიცოდი, სპორტული თუ იყავი.
ძალიან სპორტული ვარ, მიყვარს სრიალი და ცურვა. სპორტის სხვადასხვა სახეობა მეხერხება. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, გერმანიის ნაკრებს ბალაკის დროიდან ვგულშემატკივრობ, ჩემი საყვარელი გუნდი „ბაიერნია“. მესმის კალათბურთიც. რაგბი არ მესმის. ამ ბოლო დროს ბოქსის ყურებაც დავიწყე, მინდა ვისწავლო და დავიწყო ვარჯიში, ვიცი, რომ კარგ ტანს აყენებს.
ამ წელს უნდა გავხდე, გავაკეთო ბევრი ახალი სიმღერა და საკუთარ თავს მაქსიმალურად მივხედო…
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: სასტუმრო „ქისი“
ნინო მურღულია