LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებო, იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად: თენგიზ ცერცვაძე

85
tengiz-tsertsvadze-b-h

“საქართველოს COVID საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთადერთი სუსტი ადგილია ვაქცინების დაგვიანებით შემოტანა, თუმცა ესეც თანდათან სწორდება”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვძე სოციალურ ქსელში წერს.

“რა სინდისით გვადარებენ ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები მასიურად კვდებიან სახლებში, საავადმყოფოს ეზოებსა და ქუჩებში, სადაც ტყეებში ხეებს ჭრიან და ქუჩებში ახდენენ გარდაცვლილთა კრემაციას და მაინც ვერ აუდიან ამას და მდინარე განგში ყრიან გვამებს.

საქართველოს COVID საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთადერთი სუსტი ადგილია ვაქცინების დაგვიანებით შემოტანა, თუმცა ესეც თანდათან სწორდება, შექმნილია ვაქცინაციის პუნქტების გამართული ქსელი შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. უკვე ხდება დღეში 3-4 ათასი ადამინის აცრა, მალე ეს რიცხვი გაორმაგდება და გვაქვს ყველა პირობა, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინირებული იქნება მოსახლეობის სულ ცოტა 65%.

ჩვენი ოპონენტების საყვარელი ნარატივია, რომ ჩვენთან COVID-ს მართვაში ყველა წარმატება მხოლოდ ლოქდაუნების და მკაცრი შეზღუდვების ხარჯზე მიიღწევა. მოიყვანენ ერთ მაგალითს ერთ რომელიმე ქვეყანაში ერთი კონკრეტული შეზღუდვის გაუქმებაზე და თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ იგივე ქვეყანაში ან სხვა ქვეყნებში სხვა გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვებია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოში რა თქმა უნდა, ლოქდაუნები და შეზღუდვები იყო, მაგრამ გაცილებით უფრო რბილი ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

ახლა რაც შეეხება სიკვდილობას. არცერთ ქვეყანაში COVID -თან ბრძოლას არ აფასებენ მხოლოდ ერთი დღის ან ერთ კვირის მაჩვენებლებით.

საქართველო COVID გარდაცვლილთა 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ევროპაში არა პირველ, არამედ 29-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ მოსახლეზე ევროპის 28 ქვეყანაზე (აგრეთვე ამერიკაზე) ნაკლები გარდაცვლილი გვყავს. ვისაც არ სჯერა, მარტივად შეუძლია შეამოწმოს.

და ბოლოს, COVID ავადმყოფების მკურნალობის და მოვლის ხარისხის ყველაზე უტყუარი და ზუსტი მაჩვენებელია ყველა დადასტურებული COVID შემთხვევიდან სიკვდილობის პროცენტი – ე.წ. CFR, რომელიც საქართველოში სადღეისოდ 1,38%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან 98.62% გადარჩა. COVID ავადმყოფის გადარჩენის მაჩვენებლით (დაბალი სიკვდილობით) საქართველო სჯობნის ევროპის 38 ქვეყანას და მსოფლიოს 118 ქვეყანას.

მოვიყვან რამოდენიმე კონკრეტულ მაგალითს ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენი უშუალო მეზობლებიდან. სადღეისოდ საქართველოში COVID-სგან სამწუხაროდ გარდაიცვალა 4727 ავადმყოფი, ეს რა თქმა უნდა ტრაგედიაა, მაგრამ ეს COVID-ია და არა გრიპი და მან მსოფლიოში 3.5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენთან რომ სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) არა 1,38% იყოს, არამედ ისეთივე, რაც მაგ. გერმანიაშია – 2.41%, მაშინ დღეისთვის ქვეყანაში გვეყოლებოდა 8240 გარდაცვლილი, ანუ 2-ჯერ მეტი. ხოლო ისეთივე რომ იყოს, როგორც ბრიტანეთში – 2,86%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 9778 ავადმყოფი; ისეთივე რომ იყოს როგორც რუსეთში – 2,39%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 8171 ავადმყოფი; ისეთივე რომ იყოს როგორც სომხეთში – 1,99%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 6804 ავადმყოფი, ხოლო ისეთივე რომ იყოს როგორც აზერბაიჯანშია – 1,47%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 5026 ავადმყოფი და ა.შ. და ამის შემდეგ ჩვენი ჯანდაცვა და ექიმები კიდევ ლანძღვა-გინებას და საყვედურებს იმსახურებენ? თუ ვინმეს ამ ციფრების არ სჯერა, შეუძლია ნახოს ნებისმიერ ოფიციალურ საიტზე.

საბედნიეროდ, მოსახლეობამ ყველაფერი იცის და უდიდესი ნაწილი სწორად აფასებს ვინ ვინ არის, მაგრამ მძლავრი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა მაინც საშიშია.

ამიტომ მე მინდა მივმართო მოსახლეობას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით, რომლითაც იგი მსოფლიოს ფაშიზმის მოახლოვების საფრთხეზე აფრთხილებდა „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ მაგრამ მინდა დავამატო „იყავით იმედიანად“, რადგან ქვეყანა საიმედოდ უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის უსაფრთხოებას”, – წერს ცერცვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები