LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი შუქრუთელებისთვის კომპენსაციის სამართლიანი სტანდარტის განსაზღვრას ითხოვენ

94
შუქრუთის მოშიმშილეები

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის უწყვეტი პროტესტიდან 3 თვის შემდეგ, მონაწილეებმა დედაქალაქში გადმოინაცვლეს.

პროტესტის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” მოპოვებითი საქმიანობის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის სამართლიანი სტანდარტის განსაზღვრას მოითხოვენ, რისთვისაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ – მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის ქალებს, პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობას აგრძელებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს და მიმართავს მთავრობას. ორგანიზაციის მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, თათული ჭუბაბრიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარი შეუთანხმებლობა, რაზეც მოსახლეობა საუბრობს არის ის, რომ შუქრუთელები კომპენსირების წესს, რომელიც კომპანიამ განსაზღვრა, უსამართლოდ, ასევე გაუმჭვირვალედ და  ცალმხრივად მიიჩნევენ.

„ისინი მონაწილეობით სტანდარტის განსაზღვრას მოითხოვენ და იმ მექანიზმის შემუშავებას, რომელი მექანიზმითაც ამ ადამიანებისთვის, ღირსეულ გარემოში ცხოვრების უფლება სრულყოფილად  დაკმაყოფილებული იქნება,“ – განაცხადა თათული ჭუბაბრიამ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, იურისტის შეფასებით, მოლაპარაკება პირველ რიგში, შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ არ ჩნდებოდა, როგორც პასუხისმგებელი მხარე.

მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, მათ სოფელში გამოჩენას და მცდელობებს, რომ პროტესტის შეზღუდვის მიზნით, მოსახლეობა გარკვეული ტიპის კომპენსაციებზე დაეთანხმებინათ, არაფორმალური სახე ჰქონდა.

იურისტის განცხადებით, დღეს მოსახლეობა აცხადებს, რომ მოლაპარაკების არანაირი რესურსი აღარ დარჩა და ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე.

ცენტრის შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპანიის მიერ მიყენებული ზიანი ვლინდება არა მხოლოდ მათ ფიზიკურ საფრთხეში, არამედ გაცილებით ფართოა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს ფუნდამენტურ გარდაქმნას, მათი შემოსავლის წყაროს დაკარგვას და სხვა უმწვავეს საკითხებს უკავშირდება.

„კომპენსირებისთვის განსაზღვრული ახალი სტანდარტი უნდა მოიცავდეს სამოსახლოს შენარჩუნების შესაძლებლობას, ჯანსაღ და ღირსეულ გარემოში ცხოვრების უფლების აღდგენასა და კომპენსაციის გაცემის დაზარალებულისთვის მისაღებ გრაფიკს.

მოპოვების შეთანხმებული გეგმისა და განსახლების ეროვნული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმის არარსებობის პირობებში, კომპანია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებას სათანადო საცხოვრებელ გარემოზე და სურს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, უმოკლეს ვადაში, საკუთარი სახლ-კარი დათმოს.

ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ კომპანიის უკანონო ქმედებები, დიდწილად, ხელისუფლების მიერაც მხარდაჭერილია. მოსახლეობის დაშინებისა და კომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ჩახშობის მიზნით სახელმწიფო რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებს.

შესაბამისად, სახელმწიფო, არა მხოლოდ არ რეაგირებს ადგილობრივების და გარემოსთვის მიყენებული უმძიმესი ზიანის გამო „ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობის დასაყენებლად, არამედ, მეტიც, მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების შელახვით, საპროტესტო კარვის გაშლის ხელშეშლის გზით, მათი სამართლიანი პროტესტის ჩახშობას ცდილობს,“– განაცხადეს ორგანიზაციაში.

როგორც ცნობილია, „ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში მანგანუმს 15 წელია მოიპოვებს და ამ დროის განმავლობაში კომპანიის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელ და ბუნებრივ გარემოს შეუქცევადი ზიანი ადგება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • დაუყოვნებლივ შეიმუშაოს გამჭვირვალე და მონაწილეობითი მექანიზმი, რაც შესაძლებელს გახდის „ჯორჯიან მანგანეზის” მხრიდან დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნების სრულ და სამართლიან დაკმაყოფილებას.
  • უზრუნველყოს მოპოვებით საქმიანობით დაზარალებული ოჯახების კომპენსირების სათანადო და სამართლიანი სტანდარტის დადგენა, რაც „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის სრულ არეალზე გავრცელდება.
  • შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ინსპექტირების გზით ბუნებრივსა თუ სოციალურ გარემოზე კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის დაუყოვნებლივი აღრიცხვა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.

შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს დღეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  მოუწოდა – ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში, როგორც მედიატორი, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ისინი აგრძელებენ საქმის შესწავლას – ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებით ჭრილში, ასევე შეკრების ერთ-ერთი მონაწილის მიმართ შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე.

სახალხო დამცველის ცნობით, ისინი პირველივე დღეებიდან ადევნებს თვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული საკუთრების სანაცვლოდ, სამართლიან კომპენსაციებს ითხოვს. დაზარალებულები ასევე, პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ.

უკვე 105 დღეა რაც აქციები მიმდინარეობს, ხოლო 20 დღეზე მეტია აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – პირი ამოიკერა და შიმშილობს.

საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ აქციის მონაწილეებს და მათი მოთხოვნები მოისმინეს. ასევე, გვაქვს მუდმივი კონტაქტი აქციის ორგანიზატორებთან.

„აქციის მონაწილეების მოთხოვნების კომპანიის წარმომადგენლებთან განხილვის მიზნით, 2021 წლის 31 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელთან, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიამ შუქრუთის დაზარალებულ მაცხოვრებელთა ქონება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით შეაფასა.

ამასთან, წარმომადგენლის თქმით, კომპენსაციის გაცემა არ გულისხმობს ქონებაზე საკუთრების და სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ფორმდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის მიერ ჩატარებულ შეფასებებს და ითხოვენ კომპენსაციის ოდენობა სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ“ განსაზღვროს, სადავოა მხარეებს შორის ქონების შეფასების მეთოდოლოგიაც.

ასევე, მოსახლეობის მოთხოვნაა, შესაბამისი ხელშეკრულებით გაიწეროს კომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და ვადები.

შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში, როგორც მედიატორი, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.

„სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის შესწავლას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებით ჭრილში, ასევე შეკრების ერთ-ერთი მონაწილის მიმართ შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g