პანდემიამ მომხმარებლის ქცევა შეცვალა, კერძოდ, უკვე ჩამოყალიბებული და აუცილებელი არჩევანი კეთდება კლიენტის მხრიდან, – ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში კომპანია „ახალი ნათების“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ არდოტელმა ისაუბრა.
მისი თქმით, „ბარემ ვიყიდი, საქმეს წინ წავიგდებ“ – ასეთი ქცევა და არჩევანი მომხმარებლისგან ახლა უკვე ნაკლებად შეიმჩნევა. „ადრე მომხმარებელი გრძელვადიანად გეგმავდა რაღაცას და აკეთებდა შენაძენს, ახლა ასე აღარ არის. ეს ცვლილება ნამდვილად შეინიშნება კლიენტის ქცევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ უფრო მოწყვლადი აღმოჩნდა შედარებით ბიუჯეტური სეგმენტის მომხმარებელი, ვიდრე უფრო შეძლებული ფენა“, – ამბობს თემურ არდოტელი.
რაც შეეხება კითხვას, თუ რას ყიდულობენ ყველაზე ხშირად პანდემის დროს, „ახალი ნათების“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ასეთი ნივთების სია იცვლება სეზონურობის მიხედვით.
„უშუალოდ ჩვენი პროდუქცია რაც არის: განათების საშუალებები, ავეჯი – ეს არ არის გადაუდებელი აუცილებლობის პროდუქცია, ამიტომ, ამ ეტაპზე, ყველაზე გაყიდვადი ნივთების სია იცვლება სეზონურობის მიხედვით. მაგალითად, ახლა ყველაზე მეტად იყიდება გარე გამოყენების განათებები და ავეჯი, ხალხი აწყობს ეზოებს, სკვერებს“, – დასძინა „ფორტუნას“ ეთერში თემურ არდოტელმა.