LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყიფშიძეზე გავლა შეუძლებელია – თბილისი შენობებისა და მანქანების ტყვეობაში [ვიდეორეპორტაჟი]

თბილისში საცობები წლებია გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ზოგიერთ ადგილას ის ნაკლებად მტკივნეული და მოკლეა, ზოგან კი სადარბაზოდან იწყება და არ მთავრდება.

საკითხი განსაკუთრებით უიმედოა იმ ცენტრალურ ქუჩებზე, რომლებიც გადაჭედილია და მშენებლობების ბუმი მაინც არ წყდება.

ამ პრობლემის განსახილველად, ყველაზე კარგი და თვალსაჩინო მაგალითი ვაკეა. ყიფშიძის, ნინო ჟვანიას და სხვა ქუჩებზე, რომლებიც ცენტრალური არ არის, მოძრაობა თითქმის შეუძლებელია.

ამ ქუჩებზე საცობების მიზეზი არც არასწორად დახაზული პარკირება, არც  საგზაო ნიშნები, მაგრამ არც ისეთი ლაფსუსებია, რომლის გამოსწორებაც შეიძლება.

მთავარი პრობლემა მუდმივად მზარდი მოსახლეობა და მშენებლობების ბუმია, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად არ წყდება.

მოთხოვნა კი არ მცირდება იმის მიუხედავად, რომ ქუჩაზე პიკის საათებში გადაადგილება შეუძლებელია; გამონაბოლქვის სუნი უფრო აშკარა და შემაწუხებელი ხდება, ფანჯრებთან ძველი ხედის ნაცვლად კი ყოველდღე ახალ-ახალი ბეტონები ჩნდება.

ექსპერტები ამბობენ, რომ აქ ხალხი ჯერ კიდევ კარგად ცხოვრობს და ქუჩა სრულიად ქაოსური მას შემდეგ გახდება, რაც მშენებარე კორპუსებში მოსახლეობა შევა.

“ფორტუნა” ზემოხსენებულ ქუჩებსა და ზოგადად თბილისში არსებულ საცობებზე, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეს დავით მესხიშვილს ესაუბრა.

როგორც ის ამბობს, ყიფშიძის და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე ამ ქაოსის შექმნის მიზეზი, არასწორად, გაყალბებულად გაცემული სამშენებლო ნებართვებია.

“კორპუსების ალყაში ვართ აქ და ბუნებრივია, მოსახლეობის სიმჭიდროვე ქმნის გადაადგილების პრობლემას. სიმართლე გითხრათ, მიკვირს ხალხის, ვისაც აქ ცხოვრება სურს. კორპუსების უმეტესობაში მანქანის სადგომები გათვალისწინებული არ არის, ეს კი რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისი სამსახურების ბრალია. ჩვენ ვნახეთ უკვე საკმაოდ კარგი განცხადებები თბილისის მერის მხრიდან, თუმცა არ გვინახავს გადადგმული ნაბიჯები, მაგალითად უკანონოდ დაწყებული მშენებლობების შეჩერების ან ავტოპარკის განახლების შესახებ”, – განაცხადა მესხიშვილმა “ფორტუნასთან” ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საცობები ამ ქუჩაზეც, ისევე როგორც ნინო ჟვანიას ქუჩაზე, თითქმის მოუგვარებელი პრობლემა გახდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე მშენებლობები დასრულდება და ამ ადგილს კიდევ ასეულობით ოჯახი დაემატება თავისი ავტომობილებით.

საცობების პრობლემა არც საქართველოში და არც მსოფლიოში ახალი არ არის. 1960 წლიდან დღემდე, ქალაქის დამგეგმარებლებისთვის ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა.

თავდაპირველად პრობლემის მოგვარება ახალი გზების აშენებით და არსებულის გაფართოებით სცადეს, მაგრამ როგორც წლების გამოცდილებამ აჩვენა, ეს საკითხს კიდევ უფრო ართულებს. რაც უფრო მეტი გზაა, მით მეტი მანქანა ჩნდება…

საქართველოშიც და მსოფლიოშიც პრობლემის გადაჭრის გზა ერთადერთია – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება.

ამ მხრივ დედაქალაქის მთავრობიდან, ბოლო პერიოდში განცხადებები განსაკუთრებით გააქტიურდა, თუმცა ხელშესახები ნაბიჯები, არც მშენებლობების შეჩერების და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით ჯერ არ გადადგმულა.

პრობლემა კი დღითიდღე მწვავდება…

თამთა უთურგაშვილი

magti 5g