საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას უცხო ქვეყნის 10 წლამდე ასაკის მოქალაქეებისათვის PCR ტესტის მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ, სასტუმროების მენეჯერები დადებითად აფასებენ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქებით, უცხოეთიდან საქართველოში განსაკუთრებით საოჯახო ტურები გაიზრდება.
„ეს გადაწყვეტილება დადებით სურათს ორ კვირაში შექმნის. ეს სიახლე და ცვლილება ჩვენ ივლისის დასაწყისში დაგვეწევა, რაც ნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო გაამყარებს ზაფხულის ტურისტული სეზონის სტაბილურობას. რაც შეეხება ბავშვებისთვის ტესტირებას მოთხოვნის მოხსნას, ეს საშუალებას მოგვცემს ვიზიტორებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ საოჯახო მოგზაურობაზე, რაც მინიმუმ 2, 3 ადამიანით ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას ქვეყანაში და პროპორციულად ზრდის შემოსავლებს, რომელსაც ისინი შემოიტანენ როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და ა.შ. ამიტომ შეზღუდვის მოხსნის შედეგად წარმოქმნილი მოლოდინი რა თქმა უნდა დადებითად აისახება ტურიზმის ბაზარზე,“ -აცხადებს მაია მახათაძე სასტუმრო „ადამოს“ მმართველი.
რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე საუბრობს სასტუმრო Best Western-ის წარმომადგენელი ქეთი მიქაშავიძეც. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელი ამბობს, რომ რაც უფრო მსუბუქდება რეგულაციები მით უფრო ვხედავთ ტურიზმის ზრდის ტენდენციას.
„შესაბამისად, ყოველი შემდეგი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია იმ მიზნით, რომ ტურისტს გავუადვილოთ ქვეყანაში შემოსვლა, რა თქმა უნდა ავტომატურად იწვევს ტურისტების რაოდენობის გაზრდას,“-განაცხადა ქეთი მიქაშავიძემ.