გიგი ადამაშვილს „ორანჟერეაში“ დავუთქვით შეხვედრა. მომღერალი თავისი კარიერის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის და ამის შესახებ ნახევრად გვესაუბრა, ნახევარიც დაგვიმალა, რადგან ახალ პროექტს უცხოელებთან ერთად ამზადებს, რომელიც მსმენელისთვის სიურპრიზი უნდა იყოს…
ახალი სიმღერით დავიწყოთ საუბარი…
გიგი ადამაშვილი:
ძალიან მერყევი ადამიანი ვარ და დიდხანს ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. მსმენელს ჰქონდა მოთხოვნა, რომ ჩამეწერას ქართულენოვანი სიმღერა. ნატო ღოღობერიძემ დამიწერა „ქარი არის“, არანჟირება ეკუთვნის ანრი ჯოხაძეს, მადლობა მას გვერდით დგომისთვის. საკმაოდ კარგი გამოხმაურება მივიღე. კომერციულად არ გამითვლია, ნახვებისა თუ ფინანსებისთვის. მომეწონა და გულით ჩავწერე. ვეცდები, მსმენელს კიდევ შევთავაზო საინტერესო სიახლეები. რაც მთავარია, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები იყოს დახვეწილი და გემოვნებიანი. ბევრ შემოთავაზებაზე მითქვამს უარი, მათ შორის ისეთ შეთავაზებაზეც, რომელიც საკმაოდ მომგებიანი უნდა ყოფილიყო ფინანსურად, მაგრამ იმას ვერ ვიმღერებდი, რაც მე მინდოდა, ბევრი ვერ გაუძლებდა ამ ცდუნებას… მაგრამ როცა 19 წლის ხარ და ყველაფერი წინ გაქვს, არ შეიძლება, შენი კარიერა და მუსიკა გაწირო იმისთვის, რომ ფინასნურად შედარებით კარგად იყო. ეს შემოთავაზება იყო უცხოელებისგან, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან. უნდა მემღერა მათი სტილისტიკის მუსიკა, რაც მე არ შემიძლია. ვერ მოვიტყუები, თუ არ მომწონს, ვერასდროს გავაკეთებ. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
ქართულ სიმღერებს კიდევ ჩაწერ?
მაქვს სხვა გათვლები, რაც ეხება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მაინც ვცდილობ, ჩემს მსმენელს გული არ დავწყვიტო, როცა ითხოვს ქართულ სიმღერას. თავადაც მიყვარს და მემღერება ქართული. კიდევ ბევრი თემა მაქვს შესასრულებელი, როგორც ძველი კინოფილმებიდან, ასევე ახალი სიმღერები. ვიბრძოლებ ორივე ფრონტზე, თანამედროვე მუსიკასაც შევასრულებ.
გაქვს ახალი ინგლისურენოვანი სიმღერაც…
…რომელიც კლიპთან ერთად გამოვა. იქნება სიუპრიზი ბევრი ადამიანისთვის. ამაზე უცხოელები იმუშავებენ. ვფიქრობ, სერიოზული გარდატეხა მოხდება ჩემს ცხოვრებაში. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ მაყურებელი მალე ნახავს. დიდი შოკი მივიღე ამ შეთავაზების შემდეგ. ალბათ, ყველას ოცნებაა ეს, მით უმეტეს, პატარა ქვეყნიდან დამწყები მუსიკოსისთვის არასდროს ვამბობ, რომ უკვე პროფესიონალი მუსიკოსი ვარ. მგონია, ყველაფერი ეტაპობრივად მოვა. არასდროს არაფერი მინანია, ვფიქრობ, სწორად მივდივარ.
ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, დიდი ტურნეც ჩაატარე საქართველოს მასშტაბით და ვნახეთ წივილ-კივილი გოგონების მხრიდან…
(იღიმის) ჩემთვის ძალიან საინტერესო წამოწყება იყო. ერთ-ერთ ქალაქში მიმიწვიეს, ვიმღერე და მოხდა დიდი ამბავი. სწორედ ამ კონცერტის შემდეგ, მე და ჩემი ტურნეს მენეჯერებმა გადავწყვიტეთ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტები გაგვემართა. უამრავი პრობლემა შეგხვდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ზამთარი იყო და დარბაზებში, სადაც გამოვდიოდით, გათბობა არ იყო ჩართული. ამბროლაურში, მაგალითად, გიტარაზე თითები მიმეყინა (იცინის). მინუს 5 თუ 6 გრადუსი იყო.
ბევრი ფოტო და ვიდეო დამიდია, სადაც ჩანდა, რამდენი ადამიანი მოდიოდა კონცერტებზე. განსაკუთრებით მახსოვს ქუთაისის ოპერის თეატრში გამართული სოლოკონცერტი. იქ მოხდა სასწაული. მანქანაში ჩავჯექი და გზა გადაკეტეს, აღარ გვიშვებდნენ. დავიხმარეთ მეგობრები და ნელ-ნელა გამოვედით. არც მე მჯეროდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რაღაც მოხდებოდა, მით უმეტეს, საქართველოში. მეც მყვარებია არტისტი, მაგრამ მომრიდებია მასთან მისვლა. თუ არ ვცდები, 18 ქალაქი მოვიარე და ჩავატარე მარტო სოლოკონცერტები, არავინ არ მყუოლია დამხმარე მომღერალი და ცოცხლად ვატარებდი საათნახევრიან კონცერტებს. იყო ანშლაგები. ბედის ანაბარა ვიყავით, ველოდებოდით კონცერტის დღეს მოვიდოდა თუ არა მაყურებელი, სპონსორი არ გვყოლია. ყველაფერი გადატანილი მაქვს, გამოვსულვარ სიცხიანი სცენაზე, სასტუმროში წყალი არ მქონია… დიდი გაჭირვებით ჩავატარეთ კონცერტები. სამტრედიაში 400-კაციან დარბაზში 500 კაცი მოვიდა. ახლახან კასპში 400-კაციან დარბაზში ასევე ანშლაგი იყო. დარბაზის, მგზავრობის ელემენტარულ ხარჯებს ვიხდიდით. ზოგჯერ იმდენი ვერ აგვიღია, რამდენიც გაგვითვლია, მაგრამ წაგებაში არ წავსულვართ და ვალი არ დაგვდებია. ესეც კარგია. ჩემს კოლეგებს უკითხავთ, ამდენი კონცერტი გქონდა, ფული ხომ იშოვე და აბა, შენ იცი, დააბანდეო, მაგრამ არაფერი მიშოვია. ბილეთს დიდ თანხას ვერ დაადებ. ტვინში არ უნდა აგივარდეს რაღაცები. ყველამ უნდა შეძლოს კონცერტზე მოსვლა, ვისაც სურვილი გაუჩნდება…
თავში არ აგვარდნია?
როგორ არა, ბევრჯერ დამიფიქსირებია ასეთი მომენტები. დაზუთხულ ტექსტებს ვერ ვიტყვი, არა, რას ამბობთ, არასდროს ამვარდნია-მეთქი. სულ ვებრძვი თავს და ვეუბნები, რომ არაფერ განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. როგორც ჟურნალისტი წერს სტატიას, ასე მეც გამოვდივარ და ვმღერი. მე არც ის მეზარება, რომ სხვა მუსიკოსისგან მივიღო რჩევა. ბევრს, ალბათ, უკვირს ეს, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. მუსიკოსების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
გოგონებზე უნდა გკითხო…
მკითხე გოგონებზე (იცინის)…
ხომ არ ფიქრობ, რომ რჩეულიც რომ გყავდეს, არ უნდა ილააპრაკო, რადგან თაყვანისმცემელ გოგონებს დაკარგავ?
ბევრჯერ დამიდია ფოტო ან გამომიჟღავნებია რაღაც. არ მგონია, რომ ამის გამო ვინმე რადიკალურად გადამისვამს ხაზს. ბუნებრივია, ჩემს ცხოვრებაში არსებობენ გოგონები, ქალები და მაქვს ურთიერთობა ქალბატონებთან, თუმცა ღიად არ ვყვები, თუ სერიოზული არ ვიგრძენი. დანარჩენის მოყოლა მატრაკვეცულად მიმაჩნია.
მზად ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის?
საერთოდ არ ვარ მზად, თუმცა „გამომიხტება“ ხოლმე, როცა მინდა და მენატრება – გარკვეული დღეები რომ გაცუნდრუკებს, ხომ იცი. სიყვარული თავისით უნდა მოვარდეს და გაგიტაცოს, შენ ვერაფერს გადაწყვეტ, არაფერი იქნება შენს გემოზე.
გაუტაცებიხარ?
არა, მაგრამ ვიცი, რომ გამიტაცებს, რადგან შინაგანად რომანტიკოსი და ძალიან თბილი, ღრმა ბუნების ადამიანი ვარ, ამიტომ მგონია, რომ სადღაც „წამარტყამს“.
წარმოგიდგენია, ცოლი და ხუთი შვილი რომ გეყოლება?
(იცინის) ხუთი? ოჯახი წარმომიდგენია, მეოჯახე ვარ. მქონია რაღაც სიტუაციები, როცა დავრწმუნებულვარ, რომ ვარ მეოჯახე. როცა დრო იქნება, სიამოვნებით მივიღებ ამ ამბავს. აუცილებლად მეყოლება მეუღლეც და შვილებიც. ბავშვის ყოლას საერთოდ ახლავე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ვგიჟდები… მამას გოგოოოოო (იცინის).
ააა, თან, იცი, რომ გოგო გინდა? სახელიც ხომ არ მოგიფიქრებია?
პირველი გოგო მინდა, ძალიან. სახელიც მოფიქრებული მაქვს, ძველი ქართული, მაგრამ შევინახავ საიდუმლოდ. ბევრს არ ჰქვია და მერე დაარქმევენ.
ბოლოს გვითხარი, როგორი გოგონა უნდა იყოს შენ გვერდით?
ვერ წარმომიდგენია კრიტერიუმები, განსაკუთღებით, ვიზუალური. მთავარია, ჩემს ჰარმონიას როგორ მოერგება მისი.
როგორი ქალები გაღიზიანებს?
უზრდელი და უკულტურო – ქალებიც და ზოგადად, ადამიანებიც. არ მომწონს მთვრალი ქალები, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. უზრდელი ქალი ვერასდროს ვერ ჩაჯდება ჩემს გემოვნებაში.
ქერა თუ შავგრემანი?
ქერაც მომწონებია და შავგვრემანიც. მთავარია, მასთან თავს ვგრძნობდე, როგორც სახლში. ძალიან იშვიათია ნამდვილი ქალები. მე ზოგადად, მარტივი და ნამდვილი ვარ, არასდროს ვთამაშობ. როცა თამაშობენ, ეგრევე ვხვდები…
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“
ნინო მურღულია