LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის აქვს მორალური უფლება, დღეს ამ ტრიბუნასთან იდგეს: ჟურნალისტების პროტესტი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე

117
gabunia

“დღეს ჩვენს კოლეგას, ლექსო ლაშქარავას კრძალავენ და, ჩემი აზრით, არავის აქვს მორალური უფლება, დღეს ამ ტრიბუნასტან იდგეს” – ასე მიმართა ტელეკომპანია “ფორმულას” რეპორტიორმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგის დასაწყისში და ტრიბუნასთან კოლეგებთან ერთად, “ტვ პირველის “გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდა.

თამარ გაბუნიამ სიტყვა შეწყვიტა, ჟურნალისტები და ოპერატორები კი ტრიბუნასთან შეიკრიბნენ და მომხდარის გამო, საკუთარი პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატეს.

ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს მთავარი მოთხოვნების შესახებ – ეს არის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და დამნაშავეების დასჯა:

“დღეს ჩვენს კოლეგას ლექსო ლაშქარავას კრძალავენ და ჩემი აზრით, არავის აქვს მორალური უფლება დღეს ამ ტრიბუნასთან იდგეს. მე მინდა ჩემს კოლეგებს ვთხოვო მოვიდნენ აქ და გამოხატონ თავიანთი პროტესტი.

თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში და ის არის მოძალადე პრემიერ-მინისტრი და ის აუცილებლად უნდა წავიდეს თანამდებობიდან, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.” – განაცხადა ჟურნალისტმა.

მათ ერთი ფოტო ტრიბუნასთან დატოვეს და თქვეს, რომ ვინც მოვა და ბრიფინგზე დადგება, შეუძლია ლექსო ლაშქარავას სახეს თვალი ადევნოს.

ამის შემდეგ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ დღეს ყველასთვის ძალიან მძიმე დღეა და ჯანდაცვის სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო:

” ძალიან მძიმე დანაკარგია და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იზიარებს ამ დანაკარგის სიმძიმეს, ისევე როგორც უერთდება იმ ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას ამ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.” – თქვა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g