ახალი „სითის“ მთავარ ყდაზე გოგონაა, როგორც თავად ჟურნალი უწოდებს, „ვარსკვლავებით მოჭედილი ოჯახიდან“ – ეს ნატალია ჯუღელია, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატა ვაჩნაძის შვილთაშვილი, ცნობილი რეჟისორის ელდარ შენგელაიას და მსახიობ არიადნა შენგელაიას შვილიშვილი. გოგონამ თავადაც მსახიობობა არჩია. ის 24 წლისაა. ხშირად ამსგავებენ დიდ ბებიას, ვისი სახელიც ჰქვია.
არიადნა შენგელაია დიდი ხანია, პრესასთან არ გამოჩენილა და ინტერვიუს ჩაწერა არც შვილიშვილთან ერთად ისურვა, ამიტომ ნატალიამ ულამაზესი მარგალიტას შესახებ „შერეკილებიდან“ თავად ისაუბრა.
„ისევ ისეთი ლამაზია, ოღონდ, როგორ ვთქვა, „ძალიან ბებიაა“, რომელიც არც ნაოჭების დამალვას ცდილობს და ენერგია ყოველთვის ყველაზე მეტი აქვს…
საინტერესოა მის მიმართ სხვადასხვა ეროვნების ხალხის დამოკიდებულება. სოციალურ ქსელში ხან დანიელები წერენ, ჩვენიანია, ზოგი ამბობს, ბერძენიაო, ზოგს ებრაელი ჰგონია და ზოგსაც უზბეკი, რადგან იქ დაიბადა. სინამდვილეში დედა რუსი ჰყავდა, ხოლო მამა გერმანული წარმოშობის, მაგრამ როგორც მსახიობი, საქართველოსთან იყო და არის გაიგივებული, რაც, ვფიქრობ, მართალიცაა, რადგან ადამიანი იმ კულტურას ეკუთვნის, რომელშიც მოღვაწეობს“, ამბობს „სითისთან“ საუბრისას ნატალია ჯუღელი.